თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, შეამოწმა ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგრადობა და დადგინდა, რომ მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური, კორპუსის დანარჩენი ნაწილი კი საცხოვრებლად ვარგისია.
მისი თქმით, აღნიშნულ სადარბაზოებში მცხოვრები 28 ოჯახი თბილისის მერიას სასტუმროებში გადაჰყავს და ასზე მეტ ადამიანს ექვს სასტუმროში მოათავსებს.
„მერიის შესაბამისმა სამსახურმა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, დაასრულა კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე. მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური – უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა, ასევე მის გვერდით მდებარე სადარბაზო. დანარჩენი, მთლიანი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და ადამიანებს შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ. ჩვენ თავიდან ვიყავით მზად, რომ მთელ კორპუსში მცხოვრები 90 ოჯახი გაგვეყვანა და მოგვეთავსებინა სასტუმროებში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის. მხოლოდ 28 ოჯახზეა ლაპარაკი. ასზე მეტი ადამიანია, რომლებთანაც გვქონდა უშუალო ურთიერთობა და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილებული იქნებიან სხვადასხვა სასტუმროში და ყველანაირი დახმარება, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი, ჩვენი მხრიდან ექნებათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ადგილზე რჩებიან ყველა უწყების და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები.
