გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის, ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო, ღმერთმა და წმინდა გიორგიმ გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში განაცხადა.
მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
პრემიერ-მინისტრმა ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და პატრიარქს ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
„წლევანდელი გიორგობა არის გამორჩეული ჩვენი ქვეყნისთვის. გიორგობას წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავზე აღვნიშნავთ. წლევანდელი გიორგობა გამორჩეულია იმითაც, რომ მას პირველად აღვნიშნავთ უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის, ილია მეორის გარეშე. წლევანდელი წელი ძალიან რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, მრევლისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული შვილისთვის, თუმცა ამ განსაცდელს ჩვენი ხალხი და ეკლესიის მრევლი შეხვდა სიმტკიცით და ერთიანობით. გლოვასთან ერთად ეს დღეები იყო რწმენის გარშემო ერთიანობის ნამდვილი დღესასწაული.
წლევანდელი გიორგობა გამორჩეულია იმითაც, რომ უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი შიო მესამე წელს პირველად აღავლენს წირვას ამ გიორგობაზე. ბევრი ჩვენგანი, მრევლი შიშით უყურებდა ილია მეორის პატრიარქობის შემდგომ ეპოქას, თუმცა დღეს ყველა ბედნიერია იმით, თუ როგორი სიბრძნით და სიყვარულით უძღვება პატრიარქი შიო მესამე დედაეკლესიას და იმ ურთულეს მისიას, რომელიც მას დაეკისრა პატრიარქ ილია მეორის ანდერძით, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით და რაც მთავარია, უფლის ნებით. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთმა რიგითმა შვილმა, იმ ღვაწლისთვის, რომელსაც ის ეწევა. მინდა, მადლობა გადავუხადო მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდის თითოეულ წევრს და ასევე თითოეულ სასულიერო პირს. თითოეული თქვენგანის ღვაწლი არის განსაკუთრებული, სწორედ თქვენ უფრთხილდებით ჩვენს დედაეკლესიას და თქვენ ზრუნავთ ჩვენი დედაეკლესიის და ჩვენი სამშობლოს სიმტკიცეზე. მადლობა თითოეულ თქვენგანს. ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ამისათვისაც გვინდა, რომ განსაკუთრებული მადლობა შემოგწიროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. წმინდა გიორგი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, წმინდა ნინო ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
















