„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველ რაუნდსა და ოპოზიციის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ქართველიშვილი წერს, რომ მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც, მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმზე და „ურჩი“ ქართული ხელისუფლების მიმართ ზეწოლის გაგრძელების მცდელობა იგრძნობოდა, უკრაინის მოქალაქემ, რუბრიკაში „Записки сумасшедшего“, იგორ ივანოვზე მოგონებების გამო ცრემლი ღვარა.
ქართველიშვილის თქმით, საქართველოში „ცხენოსანი მეზღვაურები“ კვლავ ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, როდის უნდა დატოვონ პოლიტიკური სივრცე, თუმცა, საქართველოს ხელისუფლების ქართული კურსი რუსეთის შესაძლო ნეოიმპერიალისტურ ზრახვებს სერიოზულ პრობლემას უქმნის.
„მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ, სადაც აშკარად იგრძნობოდა მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმზე და ზეწოლის გაგრძელების მცდელობა ურჩ „ქართულ ოცნებაზე“, ამასთანავე რუბრიკაში „Записки сумасшедшего“, უკრაინის მოქალაქემ ცრემლი ღვარა იგორ ივანოვზე მოგონებების გამო – 28 ნოემბრის ამინდის პროგნოზის გამოქვეყნების სურვილი გამიჩნდა, ექსკლუზიურად ნაცსექტანტებისთვის.
„დღეიდან საქართველოს უმეტეს ნაწილში ამინდს განაპირობებენ რუსეთის ტერიტორიიდან შემოსული ნოტიო ჰაერის მასები. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა დაღესტნიდან და ჩეჩნეთიდან გადმოსული მაღალღრუბლიანობის გამო. რუსეთიდან შემოსული ანტიციკლონი საქართველოში თვის ბოლომდე გასტანს“…
არა და, თავისას არ იშლიან – მოსკოვისთვის მონატრებული სასარგებლო იდიოტების რანგში დასაბრუნებლად ემზადებიან ხელისუფლებაში, თავის მორიგ „გრანდიოზულ აქციაზე“. რაღაცას ხომ აქვს თავისი უაზრობის „წითელი ხაზი“ – რომელიც დიდი ხანია გადაიკვეთა. ერთი ისტორია მახსენდება: დიდი ოქტომბრის რევოლუციის დღეებში, ცნობილ რუს მხატვარ კონსტანტინე კოროვინს ესტუმრა გამოჩენილი რუსი ბანი თეოდორე შალიაპინი და ჰკითხა: „მე მაიძულებენ კონცერტი გავმართო ცხენოსანი მეზღვაურეების (морская кавалерия) წინაშე. ღვთის გულისათვის მიპასუხე – რას ნიშნავს ეს „ცხენოსანი მეზღვაურეები?“. „არ ვიცი, რას ნიშნავს „ცხენოსანი მეზღვაურეები“, – პირქუშად უპასუხა კოროვინმა – მაგრამ უკვე დადგა იმის დრო, რომ აქედან უნდა გავაჯვათ…“
როდის მიბაძავენ ამ ბრძენ რუსებს ჩვენი „ცხენოსანი მეზღვაურები“ – რომლებიც რუსთაველს, ვითარცა მაცივარს არიან მიწებებულები მაგნიტებივით – ვერ გეტყვით. მაგრამ, უკვე თვალწინ მიდგას რუსეთისა და რუსების გაფართოებული თვალის გუგები, რომლებისთვის დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ქართული კურსი – მათ შესაძლო ნეოიმპერიალისტურ ზრახვებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდეს. არანაკლებად სერიოზულს, ვიდრე ფერნაკლული ცისარტყელას დროშის ქვეშ გაერთიანებული ნაცსაქართველო. ერთხელ საცობში, რადიოში – ერთ-ერთ ლიბერალურ გადაცემაში ესეთი შეკითხვა დაუსვეს მსმენელებს: „ქვეყნის ხსნა – დასავლეთიდან მოდის, თუ ჩრდილოეთიდანო“- და სატელეფონო ზარი შემოუშვეს სტუდიაში…
მსმენელის პასუხი იყო: „არც იქიდანო და არც აქედანო“ – „მა საიდანო“, არ მოეშვა წამყვანი. „საქართველოს ხსნა მუდამ აღმოსავლეთიდან იყო, არის და იქნება“ – უპასუხა მსმენელმა. „აააა…ჩინეთი, რა თქმა უნდა, ჩინეთი?“ – დამცინავად ჩაეკითხა წამყვანი. „რა ჩინეთი – რის ჩინეთი“- მშვიდად მიუგო მსმენელმა: „ქრისტეშია ხსნა – რომელიც მეორე მოსვლისას აღმოსავლეთიდან მოვა, მანამდე კი ყოველ დღე მის სახელზე აღმოსავლეთისკენ ვლოცულობთ“ – და გავიდა მისთვის ამ, უკვე უინტერესო რადიოეთერიდან...“, – წერს ქართველიშვილი.
