თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ის საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებებსა და უკვე ჩატარებულ სამუშაოებს მისი მერობის პერიოდის დასასრულს, განაცხადა, რომ არსებითად შეუსრულებელი დაპირება არ აქვს, გარდა ერთისა.
კითხვაზე, თუ რომელი პროექტის განხორციელება ვერ მოახერხა მერობის პერიოდში, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ეს არის ახალგაზრდული ცენტრი, რომლის პროექტი უკვე არსებობს, თუმცა განხორციელება ფინანსების გამო ვერ მოხერხდა.
„ჩემი წინასაარჩევნო დაპირებები ყოველთვის ჩემს სამუშაო მაგიდაზე მქონდა, როდესაც ყოველი წლის დასაწყისში განსახორციელებელ პროექტებს ვგეგმავდი.
ჩემი მერობის დასასრულს კიდევ ერთხელ გავაანალიზე ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა და დაპირებები და არსებითად შეუსრულებელი დაპირება არ მაქვს, გარდა ერთისა – ეს არის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, რომელსაც დავპირდი ჩვენს ახალგაზრდებს. ამ საკითხთან დაკავშირებით პროექტი მზად არის, ტერიტორია შერჩეულია, უბრალოდ, გამომდინარე ფინანსური რესურსების შეზღუდულობიდან, ვერ ჩავსვით წელს ეს პროექტი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. ჩვენი გუნდის მერობის კანდიდატის პროგრამაში ახალგაზრდებზე ზრუნვას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სხვა დანარჩენი და არსებითად შეუსრულებელი დაპირება მე არ მაქვს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
რაც შეეხება „მილიონი ხის დარგვის” ინიციატივას, დედაქალაქის მერის განცხადებით, გამწვანების კუთხით ქალაქის მთავრობამ საკმაოდ ბევრი იმუშავა და 3 წლის განმავლობაში 700 ათასი ხე დარგო.
„მათ შორის გავაკეთეთ და აღვადგინეთ ძალიან ბევრი პარკი და სკვერი. ამის შედეგს ქალაქი ოდნავ უდრო მოგვიანებით ნახავს, როდესაც ხეები გაიზრდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.