თბილისის საკრებულოში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა დაჯილდოვდა.
იგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.ვლადიმერ აფხაზავა, საქართველოში ამ ჯილდოს პირველი მფლობელია. მას 10 000 ლარიც გადაეცა.
საზეიმო ცერემონია თბილისის საკრებულოში გაიმართა.
ლადო აფხაზავა 1976 წლის 9 იანვარს, სოფელ ნიგვზიანში დაიბადა. 1993 წელს დაამთავრა სოფელ ნიგვზიანის საშუალო სკოლა. 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2010 წლიდან მუშაობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.
2003 წელს მან დააფუძნა ბანაკი, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ განათლებას იღებდნენ. ბავშვებმა ბანაკს „ლადოს ბანაკი“ უწოდეს. სწავლების პროცესში გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების მეთოდოლოგიას. მუდამ ცდილობს მრავალფეროვანი და განსხვავებული იყოს მისი გაკვეთილი. ამისათვის არ ერიდება გაბედულ ნაბიჯებს და მოსწავლეებს ხშირად სთავაზობს განსხვავებულ გარემოში გაკვეთილების ჩატარებას. მისი ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში. მას სწამს, რომ მასწავლებელს ყველა მოსწავლის დაინტერესება შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ლადო ბევრს აკეთებს არამხოლოდ საკუთარი მოსწავლეებისათვის, არამედ მთლიანად სკოლისათვის. მისი ბევრი აქტივობა თუ ინიციატივა მთლიანად სასკოლო საზოგადოებას მოიცავს. ამ მიზნით, სკოლის მასშტაბით მან წამოიწყო პროექტი „დემოკრატიული რევოლუცია“, რომლის მიზანია მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზება. იგი ასევე ცდილობს გაზარდოს მშობელთა და თემის ჩართულობაც და ამ მიმართულებითაც სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. არაერთმა მის მიერ ინიცირებულმა პროექტმა ფართო აღიარება მოიპოვა. მაგალითისთვის, პროექტს „ეთნო რძლები“ საერთაშორისო ჯილდოც გადაეცა. პროექტი მულტიკულტურალიზმის და ტოლერანტობის განვითარებას ისახავდა მიზნად.
აფხაზავას გარდა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:
ეკა წულუკიძე – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ნათია ფურცელაძე – ქ. თბილისის კერძო სკოლა „ქორალის” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ნინო აბულაძე – ქ. თბილისის N 43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.
თეა ნონიკაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.
აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
2017 წლის 31 მაისს გამოცხადდა ჯილდოს კონკურსი, რომელშიც 114 მასწავლებელი ჩაერთო. მათგან ნახევარფინალისტების ათეული და ფინალისტების ხუთეული განათლებისა და კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩია.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდა.