საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ის, რომ მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგის 7 ადგილით გაუმჯობესება, რომლის მიხედვითაც საქართველომ 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
„ამ მაჩვენებლით ანუ ბიზნესის კეთების სიმარტივით ჩვენ უკვე ვართ ისეთი ელიტარული და წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში, როგორებიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია, დანია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და ჰონ-კონგი და ამ თვალსაზრით ვართ ლიდერი ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონალურ დონეზე, არამედ ევროპის და საერთაშორისო დონეზეც კი. ნიშნადობლივია, რომ საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია ისეთი მნიშვნელოვანი წმინდა საინვესტიციო ინდიკატორების მიხედვით, როგორიცა: ბიზნესის დაწყება – მე-4 ადგილი (2017 წელს მე-8 ადგილი), მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა – მე-2 ადგილი (2017 წელს მე-7 ადგილი), კონტრაქტების აღსრულება – მე-7 ადგილი (2017 წელს მე-16 ადგილი), რაც არის ძალზე მნიშვნელოვანი და მკვეთრი სიგნალი უცხოური ინვესტორებისათვის. მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს და ახალი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s მიერ 2017 წელს საქართველოს საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესება, რაც Moody’s-ის შეფასებით, სწორედ მთავრობის მიერ განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა განაპირობა. ასევე მსურს ავღნიშნო, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ღია მხარდაჭერა მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის წარმატებულ ხასიათზე, რომელიც არის საქართველოსთვის უპრეცედენტო ფაქტი, იმ თვალსაზრისით, რომ სავალუტო ფონდი პირველად სრულად ეთანხმება მთავრობის რეფორმების პროგრამას და ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მიხედვით არის წარმოდგენილი“, -აცხადებს ცუცქირიძე.
მისივე თქმით, ინვესტორებისთვის მაღალი რეიტინგის მინიჭებისას, ასევე ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს მთავრობის რეფორმატორულ პროექტებს და განვითარების პილოტურ პროგრამებს, რომლებსაც, როგორც წესი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და სხვ.) აკრედიტებენ და წარმოადგენს სერიოზულ პოზიტიურ სიგნალს კერძო ინვესტორებისთვის.
“ამიტომაც არის სსფ-ის ანგარიში მნიშვნელოვანი. მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების წარმატებულ ხასიათზე მიუთითებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც იანვარ-სექტემბრის მიხედვით 4.7 %-ია, ხოლო სექტემბერში სულაც 5 %-იანი ზრდაა დაფიქსირებული. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა საგარეო ვაჭრობის ბრუნვის გაუმჯობესების შედეგია, კერძოდ, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 28.3%-ით არის გაზარდილი, ამასთან მნიშვნელოვნად გაზრდილია საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. გარდა ამისა ძალზე ნიშანდობლივია სსფ-ის გრძელვადიანი პროგნოზი, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკა 2017-2022 წლებში არა თუ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში, ყველაზე მზარდი იქნება და 2022 წლისთვის თითქმის მესამედით გაიზრდება, ანუ – 32.1%-ით მოიმატებს“, -განაცხადა ცუცქირიძემ.