უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი დაკავებული შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს. შესაბამისი განცხადება მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„არც ჩემს შვილს, არც მის მიერ დაფუძნებულ ფირმებს უკრაინის ბიუჯეტიდან არც ერთი კაპიკი არ აქვთ და არც ჰქონიათ მითვისებული. ალექსანდრე ავაკოვი ამას სასამართლოში დაამტკიცებს. ყველას, ვისაც სურს ეს სიტუაცია პიარისთვის, საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის ან კონიუნქტურული ამოცანების შესრულებისთვის გამოიყენოს, მინდა ვუთხრა, რომ მათ ეს არ გამოუვათ.
ვიმეორებ, ჩემი შვილის და წარსულში ჩემი ქვეშევრდომების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების ავტორებს ჩემზე ზეწოლა არ გამოუვათ. იმედია, ადეკვატური სასამართლო პროცესი, რომელშიც ალექსანდრე მიიღებს მონაწილეობს, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს“, – წერს ავაკოვი.
შს მინისტრის პარტია „სახალხო ფრონტში“ კი აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ავაკოვზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა, ვინაიდან რამდენიმე წლის წინ აღძრულ საქმეზე მოქმედებები სწორედ მას შემდეგ განახლდა, რაც შსს-მ და პირადად არსენ ავაკოვმა უკრაინის პარლამენტთან გაშლილი „კარვების ქალაქის“ ძალადობრივ დაშლაზე უარი განაცხადა.