„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ ყოფილ პრემიერ მინისტრს ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ დღეიდან მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია.
ჩვენი ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მოქმედი ე.წ. უდოს კომისია მერაბიშვილის საკითხზე უახლოეს ხანში იმსჯელებს. სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ მინისტრი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს.
აღნიშნული ინფორმაცია ჩვენ ვანო მერაბიშვილის ადვოკატთან, გიორგი ჩივიაშვილთან გადავამოწმეთ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვადაზე ადრე გათავისუფლების განაცხადი ნამდვილად ჩაიბარა.
გიორგი ჩივიაშვილი, ადვოკატი:
-მისჯილი სასჯელებიდან გამომდინარე ვანო მერაბიშვილს უკვე ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება. პროცედურულად, თვითონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი განიხილავს ამ საკითხს და მათზეა დამოკიდებული დაკმაყოფილდება თუ არა დადებითად ეს საკითხი. უშუალოდ მსჯავრდებულის მოთხოვნას ეს მექანიზმი არ საჭიროებს. თავად სამინისტრო ვალდებულია, რომ იმსჯელოს ამ საკითხათან დაკავშირებით. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მას უკვე უწევს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. დიახ, ცოტა ხნის წინ მასთან მიიტანეს ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ განაცხადი, ანუ აცნობეს, რომ უკვე დაწყებულია წარმოება.
-და რა ვადებში შეიძლება მოხდეს წარმოების დასრულება?
– წესით, მერაბიშვილის მიმართ დადებითი გადაწყვეტილება პირველივე ჯერზე უნდა იქნეს მიღებული, თუ არადა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მომდევნო ექვსი თვის შემდეგ გააკეთებს ასეთივე განაცხადს. რამდენად დაკმაყოფილდება ეს საკითხი, მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
წყარო: პრაიმ ტაიმი