გუშინ ბულაჩაურის ქუჩაზე, #150 ავტობუსის მძღოლს სცემეს. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განგვიცხადეს, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
მათივე ინფორმაციით ინციდენტი ავტობუსის მძღოლსა და ერთ-ერთი კომპანიის დისტრიბუციის თანამშრომლებს შორის მათი მანქანის არასწორად გაჩერებას მოჰყვა. დისტრიბუციის მანქანა ავტობუსის გაჩერებაზე იდგა, რის გამოც ავტობუსმა გაჩერებაზე შესვლა ვერ შეძლო.
„დისტრიბუციის მანქანის მძღოლებმა ჩვენს მძღოლს შეაგინეს. შემდეგ მძღოლმა გააღო ავტობუსის კარი და რომ იტყვიან, კარებიდან გადმოიღეს. სამი ბიჭი თავში ურახუნებდა, ჩამოვედით მგზავრები, მაგრამ ხელიდან ვერ ვაგდებინებდით“, – იხსენებს თვითმხილველი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. არსებული ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.