ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუამ „კვირას“ პრესკლუბში ის წერილები გაასაჯაროვა, რომელსაც შსს-ს, სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი ბაჯელიძე მას ერთი წლის მანძილზე უგზავნიდა. ბაჯელიძე წერილების საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას ითხოვდა.
„მე არ მინდა, რომ ის ფარსი, რომლის განხორციელებასაც ბაჯელიძე და მისი დამქაშები ცდილობდნენ, შოუდ ვაქციო. ამიტომაც, ყველა წერილი, რომელიც მან გადმომიგზავნა, მინდა, რომ გავასაჯაროვო. ეს წერილები მე ბიძინა ივანიშვილისთვის უნდა გადამეცა. ყველა ფაქტი, რომელიც ამ წერილებშია მოთხრობილი, ღია და საჯაროოა. ამ ინფორმაციას მთავრობა და სხვადასხვა უწყება ღიად, დოკუმენტალურად აქვეყნებენ. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ამ ინფორმაციას ინტერნეტითაც გაეცნოს. ის არ შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას. შესაბამისად, შეუძლებელია, ეს საჯარო ინფორმაცია ვინმესთვის კონფიდენციალურად გადამეცა. ტექნიკურადაც შეუძლებელია, თუმცა მე ეს არ გამიკეთებია და არც ვიზამდი.
როგორ შეიძლება, მე გამომიგზავნონ წერილი ბიძინა ივანიშვილის სახელზე და მე ეს მას გადავუგზავნო? ვისაც უნდა წერილის მიწერა ვინმესთვის, არსებობს ფოსტა, წერილის გადაცემის ათასი საშუალება. ბაჯელიძემ განაცხადა, რომ მან არაერთხელ სცადა სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის გადაცემა, მაგრამ ვერ მიაწოდა. მინდა ახსნას ბაჯელიძემ, თუ როგორ ეცადა და ვერ მიაწოდა. მივიდა კანცელარიაში, პროკურატურაში და არ ჩაიბარეს ეს წერილები, გააგზავნა ელფოსტით და ელექტროენერგია გაითიშა, თუ რა მოხდა? როგორ შეიძლება, რომ გინდოდეს ინფორმაციის მიწოდება ოფიციალური სტრუქტურებისთვის და ეს ვერ მოახერხო. ეს ტექნიკურად შეუძლებელია და სიცრუეა“, – განაცხადა დუნდუამ.
დუნდუას ინფორმაციით, წერილებში სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერების საკითხები იყო განხილული. ასევე „რუსთავი 2“-ისა და საქართველოს ლატარიის კომპანიას შორის შემდგარი, თითქოსდა, უკანონო გარიგება, რაშიც, ბაჯელიძის მტკიცებით, მილიონობით ლარი იფლანგებოდა. დუნდუას მტკიცებით, ბაჯელიძე კორუფციაში აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყებას ადანაშაულებდა.
ექსპერტის თქმით, ბაჯელიძე „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორთან ერთად მოქმედებდა. შეკითხვაზე, თუ რის მიღწევას ცდილობდნენ სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი ბაჯელიძე და ელისო კილაძე, დუნდუამ განაცხადა, რომ, პირველ რიგში, ელიტური კორუფციის იმიტაციის შექმნას.
„ისინი ცდილობდნენ ელიტარული კორუფციული ფონის იმიტაციას. საზოგადოება შეიძლება შევიდეს შეცდომაში და იფიქროს, რომ სიტყვა ტენდერის გარეშე განხორციელებული ხელშეკრულება რაღაც დანაშაულია, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ტენდერის გარეშე შესაძლოა განხორციელდეს კონტრაქტი, მთავრობის გადაწყვეტილებით ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. შეუძლებელია, რომ ყველა პროცესი და ყველა ხელშეკრულება ტენდერის მეშვეობით განხორციელდეს. არის მიზანშეწონილობის საკითხი და ეს მთავრობის განკარგულებით წყდება“, – განაცხადა დუნდუამ.
“გიორგი ბაჯელიძე და ელისო კილაძე ელიტური კორუფციის იმიტაციის შექმნას ცდილობდნენ”
2016/06/17 15:58:08
კომენტარები
ნანახია: 2853 ჯერ