მომავალ წელს, ყველა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაკეთებული პროგნოზით, გველოდება კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვინაიდან, ჩვენ წელს მათ მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი.
“მომავალ წელს, ყველა საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზით, კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გველოდება. 2017 წლის ოქტომბრის თვის ეკონომიკურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 5.7% შეადგინა; 10 თვეში, 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა – ეს კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი დღეს დილით გამოქვეყნდა. ეს არის რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია მაქსიმალურად მეტი დინამიკა შევქმნათ ეკონომიკაში. დარწმუნებული ვარ, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერა პროექტებს და რომელთა განხორციელება იგეგმება, შექმნის ნამდვილად გაცილებით უფრო მეტ დინამიკას. ჩვენ, მომავალ წელს, ყველა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაკეთებული პროგნოზით, გველოდება კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვინაიდან, ჩვენ წელს მათ მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ. მომავალ წელსაც, უნდა ვეცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ პროგნოზებს გავცდეთ, რა თქმა უნდა, დადებითი კუთხით”,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.