თბილისის 51-ე საჯარო სკოლა, რომლის ორი მოსწავლე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს” სკოლიდან აცნობეს, სკოლა აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან შემთხვევის პირველივე წუთებიდან.
„თბილისის 51-ე საჯარო სკოლა თანაუგრძნობს გარდაცვლილების ოჯახს და მათთან ერთად ჭირისუფალია ამ დიდი ტრაგედიისა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მოსწავლე და პედაგოგი ღრმად დამწუხრებულია, სკოლა აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან შემთხვევის პირველივე წუთებიდან. ჩვენი დიდი ინტერესია, სწორად და სამართლიანად წარიმართოს პროცესები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ჩვენი საყვარელი მოსწავლეების ოჯახებს, თანაკლასელებს, მეგობრებს, მასწავლებლებს და მთელ საქართველოს”, – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.