დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში მასშტაბური აქციები გაიმართა. ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ლოს-ანჯელესში, ბოსტონში, დენვერსა და ფილადელფიაში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
აქციის გამართვაზე განაცხადი ქვეყნის 300 ქალაქში შეიტანეს. ნიუ-იორკში ცენტრალური პარკის დასავლეთ ნაწილში დაახლოებით 100 000 ადამიანი გამოვიდა. ლოს-ანჯელესში გამართულ დემონსტრაციაში კი ჰოლივუდის მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი და ვიოლა დევისი მონაწილოებდნენ.
ტრამპი აქციებს Twitter-ით გამოეხმაურა. “მშვენიერი ამინდია მთელ ქვეყანაში. არაჩვეულებრივი დღე ნებისმიერი “ქალთა მარშისთვის”. გამოდით გარეთ, რათა იზეიმოთ ისტორიული მიღწევები, უპრეცენდენტო ეკონომიკური მიღწევები და კეთილდღეობის გამყარება, რაც ბოლო 12 თვეა ხდება”- წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ტრამპმა ასევე დასძინა, რომ ბოლო 18 წლის განმავლობაში ქვეყანაში ქალთა უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.