გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბაშვილს და დავით ბაქრაძეს უპირისპირდება.
ვაშაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ ამომრჩევლები ახალი ტიპის იდეებს ელოდებოდნენ, მაგრამ ეს არ განხორციელდა.
“ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი, ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც, მისი ბუნებიდან გამომდინარე, თავად არის მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები – გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.
“მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში, ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილების მიღების ახალი მექანიზმებით.
მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს, საზოგადოებას ვისთან ერთადაც ვიბრძოდით ძლიერი, წარმატებული ქვეყნის მშენებლობითვის, დროა გავერთიანდეთ და დავიწყოთ რეალური ბრძოლა ახალი საქართველოსთვის!”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.