დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთთან პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საკუთარი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აახლებს, რომელიც რუსეთში მგზავრობისას შესაძლო რისკებს ეხება. რეკომენდაციები დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.
„დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობის გაძლიერების გამო, უნდა იცოდეთ შესაძლო ანტიბრიტანული განწყობის, ან მიმდინარე პერიოდში აგრესიის გამოვლენის შესახებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საგარეო უწყება ბრიტანელებს რეკომენდაციით მიმართავს, ყურადღებით იყვნენ რუსეთის ფედერაციაში, თავი აარიდონ ნებისმიერ პროტესტებს ან დემონსტარაციებს და არ გამოაქვეყნონ საჯარო პუბლიკაციები პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.
„მაშინ, როდესაც მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩო არ არის ინფორმირებული რუსეთში მოგზაური ბრიტანელებისთვის რაიმე სახის მომატებული სიძნელეების შესახებ, ყურადღებით უნდა ადევნოთ თვალი უსაფრთხოების პოლიტიკას და რეკომენდაციებს“, – ნათქვამია საკუთარი მოქალაქეებისადმი დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას, განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.