აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ტელეფონით მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
“ლიდერებმა მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის პრაქტიკულ განვითარებაზე გამოთქვეს, მათ შორის სტრატეგიული სტაბილურობისა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით“, – ნათქვამია უწყების ცნობაში.
კრემლის ინფორმაციით, ტრამპმა და პუტინმა მაღალ დონეზე შეხვედრის შესაძლებლობაც განიხილეს.
“საერთო ჯამში, საუბარი კონსტრუქციული და საქმიანი იყო და რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემების გადაჭრისკენ იყო მიმართული“, – იუწყება კრემლის პრესსამსახური.
მანამდე დონალდ ტრამპის პრესმდივანმა ჰოგან გიდლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინის გამარჯვება ვაშინგტონისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, კრემლში სატელეფონო ზარს კი არ გეგმავდნენ.