კოალიცია “თანასწორობისთვის” საქმიანობის ანგარიშში, რომელიც 2016-2017 წლებს მოიცავს, საჯარო რეესტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ წარმოებული საქმე მოხვდა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქმე სქესის ნიშნით დისკრიმინაციას შეიცავს.
“2017 წლის 17 აპრილიდან მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, რომლის საფუძველი გახდა იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 3 აპრილის 228 ბრძანებამ და, შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №127 152 და № 127 147, სადაც გათავისუფლების მიზეზად მითითებული იყო სააგენტოში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები. მუშაობის პროცესში არაერთხელ ჰქონია ადგილი მოსარჩელეთა შევიწროებასა და სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებაში ხელის შეშლას. საქმეში წარდგენილია მხარეებს შორის პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელშიც იკვეთბა სექსუალური შევიწროება. სააგენტოს თავჯდომარე მიმართავდა მოსარჩელეებს ისეთ ზედმეტსახელებით, რომლებიც მათთვის შეურაცხმყოფელი იყო. საჯარო რეესტრის თავჯდომარე მესამე პირებთან აცხადებდა, რომ მოსარჩელე ქალები იყვნენ მისი “ფისოები” და მათთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მისი მიყვანილები იყვნენ და როცა უნდოდა, მაშინ გააგდებდა. საქმეში ასევე არსებობს მოწმეთა ჩვენებები.
მოსარჩელეები ითხოვენ მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. ამ ეტაპზე სარჩელი წარმოებაში აქვს მიღებული ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიას”, – აღნიშნულია საქმეში, რომელიც მომზადებულია საია-ს მიერ და თ.თ. და ტ.კ.-ს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგაა მიმართული.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან 27 მარტს, მას შემდეგ გადადგა, რაც 24 მარტს ცნობილი გახდა, რომ მას სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა.
მას ყოფილი თანამშრომელი, ეკა მესხიძე ყოფილ ხელმძღვანელს მუქარაში, სქესის ნიშნით და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს აქვეყნებს, სადაც მისი ყოფილი უფროსი მას “ციყვად” მოიხსენიებს.
სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, გამოიკითხა პაპუნა უგრეხელიძე. მან განმარტა, რომ “ციყვოს” ეძახდა ყველა თანამშრომელს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან დაბადების დღეზე მიართვეს ტორტი, რომელზეც შოკოლადისგან დამზადებული ციყვი იჯდა.