კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოშიმშილე უკრაინელი დეპუტატის ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ამის შესახებ უკრაინულ მედიას მისმა დამ ვერა სავჩენკო განუცხადა.
„ნადეჟდამ გადაწყვიტა, ყურადღება არ გაემახვილებინა შიმშილობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა როდესაც სისხლიანი ღებინება დაიწყო, ძნელია ამას ყურადღება არ მიაქციო. მას აძლევენ რაღაც წამლებს, ნადეჟდა მხოლოდ წყალს სვამს და სურდოს საწინააღმდეგო წვეთები მოითხოვა“, – განაცხადა ვერა სავჩენკომ.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სავჩენკო უკრაინის პარლამენტში და სამთავრობო უბანში ტერაქტებს გეგმავდა. მას 5 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე ემუქრება. 23 მარტს კიევის საქალაქო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. იმავე დღეს სავჩენკომ შიმშილობა დაიწყო.