თბილისის მერია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვაში მიიღოს მონაწილეობა და საპარკინგე ადგილებს ერთ ლარად გადასცემს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება შეთავაზებას, თქვენ გახსოვთ, როდესაც ერთ ლარად გადაეცა და საინვესტიციო ვალდებულებით შესაბამის კომპანიას, რა ამბავი ატყდა. ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდი და ახლა უკვე სამ კონკრეტულ ლოკაციაზე არის გამოცხადებული იმავე პირობებით. ჩვენ მზად ვართ, ერთ ლარად გადავცეთ დაინტერესებულ პირს. რა თქმა უნდა, უნდა წარმოადგინონ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი შესაძლებლობა, რომ ამ პროექტს განახორციელებენ. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ ყველას, ვისაც ინტერესი აქვს, შეუძლია. მე უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვყავი იმიტომ, რომ ყველაზე მეტს ხმაურობდნენ ეს ადამიანები და ათას სისულელეს საუბრობდნენ იმ კონკრეტულ მიწისქვეშა პარკინგთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში მიწისქვეშა პარკინგები სუბსიდირებული მიმართულებაა. კახა კალაძის განმარტებით, მიწისქვეშა პარკინგების სუბსიდირება ევროპაში მუნიციპალიტეტის მხრიდან ხდება.
„ჩვენ გამოვიტანეთ მიზანმიმართულად ეს სამი კონკრეტული ლოკაცია. ერთ ლარად გადავცემთ დაინტერესებულ პირებს, რათა განახორციელონ ინვესტიციები. რაც შეეხება ვადებს, ორი თვე აქვთ იმისთვის, რომ ინტერესთა გამოხატვის პერიოდში მიიღონ ყველანაირი დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ მიერ არის წარმოდგენილი და შემდეგ იქნება მიღებული მშენებლობის გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან თბილისის მერის შეთავაზებას, თუ იმავე წესით გადაეცემათ ტერიტორიები, რა წესითაც პუშკინის სკვერი გასხვისდა, კახა კალაძის თქმით, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
„აქ კიდევ უფრო გამარტივებულია საქმე. პუშკინის სკვერის შემთხვევაში იყო საინვესტიციო ვალდებულება. აქ საინვესტიციო ვალდებულება არ დევს. ჩვენ ვაძლევთ ერთ ლარად, რომ განხორციელდეს ეს პროექტები. ამ ყველაფერთან დაკავშირებით თუ ინტერესი ექნება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენი სამსახურები ყველაფერს აუხსნიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.