თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია “იმედის ” საქმეზე დღეს სოზარ სუბარი და ჰანიველ პარტნერსის მმართველი პარტნიორი ირაკლი რუხაძე იკითხებიან.
ირაკლი რუხაძემ, რომელიც 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილის აქტივებს მართავდა, იმ პერიოდზე საუბრობს, როდესაც მთავრობის მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილისგან ტელეიმედის დათმობას ითხოვდნენ. დღესვე სასამართლო პატარკაციშვილების ოჯახის ადვოკატს მოუსმენს.
ირაკლი რუხაძის განცხადებით, იმჟამინდელ ხელისუფლებასა და ბადრი პატარკაციშვილს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია იმედის ეთერში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ აქტიურად გაშუქდა: “ბადრი პატარკაციშვილს სთხოვდნენ, რომ „იმედს“ მასალა არ გაეშუქებინა. ამის შემდეგ ჩვენს კომპანიებს ექმნებოდათ პრობლემები, დავკარგეთ სასტუმრო „აჭარა“”, – თქვა რუხაძემ.
მან სააკაშვილსა და პატარკაციშვილს შორის გამართულ შეხვედრაზეც ილაპარაკა სასამართლოს წინაშე.
რუხაძემ დაადასტურა, რომ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილს “იმედის” აქტივების სანაცვლოდ საქართველოს რკინიგზა შესთავაზა:
“2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ჩვენ კომპანიებში ერთდროულად შევიდა სახელმწიფოს სხვადასხვა წარმომადგენელი, ჩვენი ჯგუფის წინააღმდეგ, ერთდროულად დაინტერესდა თბილისის მერია, შსს, თავდაცვის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, რეესტრი, გარემოს დაცვის სამინისტრო, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია და ა.შ. ჩვენ ბევრი აქტივი ჩამოგვართვეს. საზღვარგარეთ გავაგრძელეთ დავა და როცა უკვე გასაგები იყო, რომ საქართველოს მხარე წააგებდა დავას, მთავრობა მოგველაპარაკა – ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პირადად მოეწერა ხელი ჩვენ შეთანხმებაზე, რაც მან გააკეთა”, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
მისი თქმით, იმ პერიოდის განმავლობაში მათ უკავშირდებოდა დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა, კახა ბენდუქიძე და სხვა პირები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიის აქტივებს ითხოვდნენ.