საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოკვლევის ფარგლებში, ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს დაუსვამს კითხვებს.
“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ კომისიის სხდომები საჯარო იქნება და დაბარებული პირების მოსმენა საზოგადოებასაც შეეძლება.
“კომისია არ იქნება შეზღუდული არანაირი პირთა წრისთვის. ჩვენთვის არანაირი თამასა ან ზღვარი არ არსებობს თანამდებობის პირების. პირველ რიგში შევისწავლით სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც დევს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. ეს სისხლის სამართლის საქმე დეტალურად გასავლელია და შემდგომ უნდა გამოიკვეთოს იმ პირთა წრე, ვინც უნდა მოვიდეს და კომისიის წინაშე მისცეს სავალდებულო ახსნა-განმარტება. უკვე თამამად შეიძლება თქმა, რომ მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე აუცილებლად იქნებიან იმ პირთა შორის, რომლებიც საზოგადოების თვალწინ კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებს გასცემენ პასუხს. კომისიის სხდომები იქნება საჯარო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელი იქნება სახელმწიფო საიდუმლოების ან სხვა ტიპის სენსიტიური ინფორმაციის განხილვა”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.