საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა ჯონ კერი ავლაბრის სასახლეში მიიღო.
შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
”ამერიკის სახელმწიფო მდივანთან უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. თავისთავად ვიზიტი მნიშვნელოვანია, რასაც ხაზს უსვამს ისიც, რომ ეს ხდება ვარშავის სამიტის წინ. საუბარი შეეხო ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც დღეს საქართველოსთვის აქტუალურია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებაზე. იყო საუბარი იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას, რაც კიდევ უფრო გააფართოებს და გააღრმავებს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატს. საკმაოდ დეტალური საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. განხილულ იქნა საქართველოს გეოპოლიტიკური როლი, ის თუ, როგორ შეიძლება გაღრმავდეს ის საერთაშორისო ფუნქცია, რომელსაც დღეს საქართველო ასრულებს. გარდა ამისა, ბუნებრივია, განხილულ იქნა საქართველოს შემდგომი წინსვლისა და დემოკრატიზაციის ნაბიჯები”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ.