საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა (IBR) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IA) შორის „მეორე რეგიონალური განვითარების პროექტის“ დამატებითი დაფინანსების მიზნით, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას.
პროექტი მიზნად ისახავს იმერეთში ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციის, აგრეთვე ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას. დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, გათვალისწინებულია ვანის მუზეუმის, მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ქალაქ წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი.
დღეს, ასევე, გაფორმდა საპროექტო ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა მოაწერეს ხელი.
„მნიშვნელოვანია, რომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის ფინანსური მხარდაჭერა ხელს შეუწყობს იმერეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაჩქარებას და ახალი პროექტების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია წყალტუბოს და ვანის ურბანული განახლება, ტურისტული ადგილებისა და მასთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგაც, აღნიშნული ადგილები უფრო მიმზიდველი გახდება, როგორც უცხოელი სტუმრებისთვის, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის, ასევე, გაიზრდება კერძო ინვესტიციებს მოზიდვის შესაძლებლობაც. მოხარული ვარ, რომ მსოფლიო ბანკი ასე აქტიურად განაგრძობს ჩვენი ქვეყნის რეგიონების საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერას“ ,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
„პროექტის მთავარი ბენეფიციარები არიან იმერეთის მცხოვრებნი და ტურისტები, რომლებიც ისარგებლებენ განახლებული ინფრასტრუქტურით. პროექტის მიზანია, კერძო ინვესტიციების მოზიდვა, სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის ხელშეწყობა, ადგილობრივი ბიზნესის გამოცოცხლება და რეგიონული ტურისტული მარშრუტების შექმნა. აღნიშნული ღონისძიებების მეშვეობით, მოსალოდნელია რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება“,– აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.
მსოფლიო ბანკის ძალისხმევით საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და სტაბილურ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას რეგიონებში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წახალისებას.