თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებულ ინფორმაციულ ტექნიკურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, კონკრეტული შეფასების გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
როგორც მაჩალიკაშვილმა „კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, ექსპერტიზის სანდოობის საკითხს მას შემდეგ შეაფასებს, რაც მისი ინტერესების დამცველს, მარიამ კუბლაშვილს შეხვდება.
ამასთან, როგორც ის აცხადებს, მისთვის საეჭვოა რომ ექსპერტიზა ამერიკაში იყოს ჩატარებული.
მაჩალიკაშვილის ვარაუდით, ჩანაწერს ექსპერტიზა საქართველოში ჩაუტარდა.
“სანამ მარიამს არ შევხვდები, მაგაზე ვერ გიპასუხებთ, ჯერ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ტელეფონი ამერიკაში წაიღეს და იქ გაუკეთეს ექსპერტიზა, ეს გამორიცხულია, ეგ არის აქვე ჩატარებული, იქ – ექსპერტიზაზე წასაღები იმ ტელეფონში არაფერი არ არის… უნდა ვიცოდე, აშშ-ში სად ჩატარდა, რომელმა ორგანიზაციამ ჩაატარა, ან ჩატარდა თუ არა“, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილისგან განსხვავებით, ამერიკულ ექსპერტიზას ენდობა მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი მარიამ კუბლაშვილი.
კუბლაშვილის თქმით, ეს არის ამერიკის ოფიციალური უწყების ოფიციალური თანამშრომლობისა და ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზა, თუმცა კუბლაშვილს აინტერესებს, უშუალოდ რომელმა ექსპერტმა ჩაატარა აღნიშნული ექსპერტიზა.
აღსანიშნავია, რომ მაჩალიკაშვილების ადვოკატმა დღეს პროკურატურის დატოვების შემდეგ, თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ, “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაზიარებულ “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდის შემცველი ვიდეომასალის ავთენტურობა დაადასტურა. მარიამ კუბლაშვილის თქმით, ეს თემირლანის მხრიდან, პანკისის ხეობიდან სირიაში წასული და გარდაცვლილი ადამიანების მიმართ სამძიმრის გამოხატულება იყო.
„ისინი რომ ცოცხლები და პანკისის ხეობისთვის უცნობი პირები ყოფილიყვნენ, მაგ შემთხვევაში კიდე სხვა კითხვები გაჩნდებოდა. მაგრამ თემირლანს ძირითადად იმ მოტივით აქვს გაზიარებული აღნიშნული ვიდეო, რომ იქ პანკისიდან წასული და შემდგომ გარდაცვლილი პირები ფიგურირებენ. დედამისმაც მითხრა, რომ ამ გარდაცვლილი ადამიანების ფოტოებს და ვიდეოებს მთელი ახალგაზრდობა იზიარებდა. ეს კი იმით აიხსნება, რომ ახალგაზრდები წუხან სირიაში უმოწყალოდ ბავშვების და ქალების მოკვლის ფაქტებზე და ფიქრობენ, რომ აქედან ადამიანები მათ დასახმარებლად მიდიან. ის, რომ თემირლანს გააზრებული ჰქონდა რომელი ორგანიზაციის წევრები იყვნენ ისინი, მე ამაზე არანაირი მტკიცებულება არ მაქვს”,- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სატელეფონო მიმოწერაზე: ექსპერტიზაზე წასაღები იმ ტელეფონში არაფერი იყო, ეგ არის აქვე ჩატარებული
2018/07/05 21:45:42

კომენტარები
ნანახია: 958 ჯერ