ანაკლიის პროექტი განსახილველი პრიორიტეტია. საუბარია ამ საკითხის კომპლექსურად შესწავლაზე და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ ამას, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი ქობულიამ ხუთი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატები დაინტერესდნენ, რჩება თუ არა ანაკლის პროექტი პრიორიტეტად, როგორც ეს გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს განიხილებოდა. ქობულიას აზრით, უკვე ჩატარებულ კვლევებს ახალი თვალით უნდა შეხედონ.
„ანაკლიის პროექტზე ბევრი ლაპარაკი იყო. ეს არის მთლიანობაში საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის საკითხი. არ შეიძლება ანაკლიის პორტი ცალკე იყოს. ჩვენთვის, როგორც მთავრობისთვის, მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნის სარგებელი. ანაკლიის პროექტი არის აბსოლუტურად განსახილველი პრიორიტეტი. აქ არის საუბარი კომპლექსურად შესწავლაზე ამ საკითხის და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ ამას კომპლექსში. ჩემთვისაც პრიორიტეტია, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი და როგორ შეიძლება ჩემთვის პრიორიტეტი არ იყოს. საქმე იმაშია, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება ტვირთბრუნვების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა გადავხედოთ კიდევ ერთხელ. ჩემს გუნდთან საუბარი მქონდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა ავწიოთ ის კვლევები, რომელიც გაკეთებული იყო და შეიძლება განვაახლოთ და კიდევ ერთხელ შევხედოთ ამას უფრო ახალი თვალით… როგორ გავხადოთ საქართველო ჰაბად და როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეს კორიდორი – ჯერჯერობით პასუხის ამ კითხვაზე არა მაქვს, მაგრამ გვექნება“, – განაცხადა ქობულიამ.