შვილისა და მეუღლის მკვლელობაში მსჯავრდებულის მაგდა პაპიძის დედამ – ლია შამუგიამ ყოფილ მეუღლეს – ამირან პაპიძეს წლების წინ ყელი გამოსჭრა.
გაზეთი „პრაიმტაიმი“ გორში, პაპიძეების მეზობლებს ესტუმრა და ოჯახის შესახებ დეტალები მოისმინა. გამოცემის ინფორმაციით, მეზობლები დებ პაპიძეებს დადებითად ახასიათებენ, თუმცა ამბობენ, რომ მათ მშობლებს კონფლიქტი ხშირად ჰქონდთ.
გამოცემასთან საუბრისას, ერთ-ერთი-მეზობელი იხსენებს, რომ მორიგი ჩხუბის დროს ამირან პაპიძემ ლია შამუგიას სახლში ასაფეთქებელი შეუგდო, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„მაგდაც და ლანაც კარგი ბავშვები იყვნენ. არანაირი აგრესია არ ემჩნეოდათ. თინეიჯერულ ასაკში გადავიდნენ თბილისში.
მამამისთან ვერ რიგდებოდნენ, ცოტა ეჭვიანი კაცი იყო, რომ სვამდა, ხშირად ეჩხუბებოდა. კაცი სახლში რომ მოგივარდება და ასაფეთქებელს შემოგიგდებს, იმასთან როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს“, – განაცხადა გორში, პაპიძეების ყოფილმა მეზობელმა, კობა ფერაძემ.
„ამირანს რთული პერიოდი ჰქონდა ვალების გამო მეორე მეუღლესთან. ამის გამო მოუვიდა ჩხუბი პირველ ცოლთანაც. ერთხელ ლია შამუგია ქუჩაში დახვდა და დანა გამოუსვა ყელში, ძლივს გადარჩა კაცი, რამდენიმე ნაკერი ედო ყელზე. ამირანმა პოლიციიდან საჩივარი გამოიტანა, რადგან მაშინ ბავშვებიც პატარები იყვნენ და არ უნდოდა, მისი შვილების დედა საბოლოოდ გაეწირა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ის, რასაც ახლა გეუბნებით. ყელგამოჭრილი ამირან პაპიძეც და ისიც როგორ გადმოვარდა სახურავიდან. არავის არ გადმოუგდია“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ დიანა კვიციანმა, რომელიც გორში, პაპიძეების ყოფილი მეზობელია.
ამირან პაპიძის მეორე მეუღლე, მარინა მელაძე ამ თემის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა არ მალავს, რომ მაგდა პაპიძის დედის მიმართ გორის პოლიციაში გამოძიება იყო დაწყებული, მაგრამ საქმე „იმდროინდელი გავლენიანი პირების ჩარევით“ მიიჩქმალა.
„ლიას უკან იდგა გავლენიანი ხალხი. მაგან რამდენი ადამიანიც დაჭრა და რამდენსაც შეურაცხყოფა მიაყენა, გაარკვიეთ პოლიციაში. მაგ წლებში რა საქმეები აქვს გაკეთებული, ის მოიძიეთ. მე რომ გამომიძახეს პოლიციაში მაგის გამო, ვნახე დიდი საქაღალდე მის შესახებ, ცხოვრებაში მაგხელა საქაღალდე არ ინახავს, იმდენი რაღაც ჰქონდათ. ამირანი და ეგ ქალი ისე, უბრალოდ არ დაცილებულან, იყო შემთხვევა, რაზეც არ მსურს საუბარი, თუმცა თავად თქვას, რა მიზეზით გაიქცა გორიდან, რას მალავდა“, – განაცხადა მარინა მელაძემ.
პაპიძის დედამ ყოფილ მეუღლეს ყელში დანა გამოუსვა
2016/07/11 15:20:16
კომენტარები
ნანახია: 5646 ჯერ