“მერკელის ვიზიტი ნამდვილად უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, მით უფრო, რომ რამდენიმე საყურადღებო გზავნილი მოვისმინეთ, მათ შორის, როგორ შეაფასა მერკელმა რუსეთის მოქმედება ოკუპაციად. აშკარა იყო, ამ ტერმინის გამოყენება დიდად არ უნდოდა, თუმცა საუნივერსიტეტო აუდიტორიასთან შეხვედრისას იძულებული შეიქნა. ვფიქრობ, პუტინთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ამ ტერმინის გამოყენება ნამდვილად ვერ ჩაითვლება ჩვეულებრივ ამბად – მერკელი აღიარებს რუსულ ოკუპაციას, რაც ნამდვილად არ იქნებოდა პუტინისთვის სასიამოვნო მოსასმენი – როგორც წესი, დასავლეთ ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ლიდერს უჭირს ამ ტერმინის გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ მერკელმა ერთ კონტექსტში განიხილა უკრაინისა და საქართველოს პრობლემატიკა”, – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მერკელს დიდად არ უნდოდა ტერმინ “ოკუპაციის” გამოყენება, თუმცა…” / “მერკელის საოკუპაციო ხაზთან მისვლა ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური აქტი და რუსეთის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია” / “ვითარება მართლაც არაორდინარულია. ვერ ვიხსენებ სხვა ანალოგიურ სიტუაციას, როდესაც ასეთი განსხვავებული პოზიციები არსებობდა ერთ პარტიაში, მით უფრო განსხვავებული პარტიის თავმჯდომარის მოსაზრებისგან”.
“ჩემი აზრით, მერკელის კავკასიური ვოიაჟი უპირველესად იყო ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის – გერმანიის მიერ გეოპოლიტიკური პარტნიორების მიმართ ყურადღების დემონსტრირება და ხაზგასმა იმისა, რომ ევროკავშირის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ, გერმანიასა და ევროკავშირს აშშ-თან აშკარად გაუფუჭდათ ურთიერთობა, მეორე მხრივ კი მერკელი რუსეთთან თითქოს ახერხებს საერთო ენის გამონახვას. ამასთანავე, გერმანიას აქვს თავისი უცვლელი მიდგომები კავკასიის რეგიონის მიმართ და თავისი ინტერესები. მერკელის ვიზიტი სამ ქვეყანას მოიცავდა და, რასაკვირველია, თითოეულ ქვეყანაში მის ჩასვლას თავისი სპეციფიკა ჰქონდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტერესის სფერო გახლდათ ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე პროცესები. ევროკავშირისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კასპიის ზღვის ახალი გადანაწილების შემდგომ, როგორ შეიძლება განვითარდეს ევროპის ენერგომომარაგება. კი, `ჩრდილოეთის ნაკადის~ ამუშავების შემდეგ გერმანია ევროპის ენერგეტიკული ჰაბი გახდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სამხრეთ ევროპას მაინც სჭირდება შუა აზიიდან და კავკასიიდან მიწოდებული ბუნებრივი აირი. ვფიქრობ, გერმანიის გარდა, მერკელი მნიშვნელოვანწილად წარმოადგენდა სწორედ ევროკავშირს და აზერბაიჯანში ჩასვლა სწორედ ამ თვალსაზრისით იყო მისთვის საინტერესო. ის, რომ მერკელი ევროკავშირს წარმოადგენდა, დაადასტურა საოკუპაციო ხაზთან მისმა ვიზიტმაც, როდესაც იქ სწორედ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა“, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“ნატოში გაწევრების თაობაზე ჩვენს საზოგადოებაში ნიჰილისტურ განწყობებს აჩენს ის დამახინჯებული პროპაგანდა, რაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და რომლის შედეგადაც გაზვიადებული მოლოდინი გაჩნდა. გვახსოვს უპასუხისმგებლო დაპირებები – ხან მაპ-ს ვიღებდით, ხან მაპ-ზე უკეთესს. ჯობს სიმართლე ითქვას – ის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი ხელის შემშლელია, ახალი ამბავი არ არის… მთავარი ის არის, რომ რუსეთის ახალი აგრესიის შემთხვევაში ევროპას რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა არ სურს. რუსეთი ამ ნაბიჯს რომ გადადგამს, როგორც ჩანს, მათთვის აქსიომაა. ხშირად დამისვამს საკითხი ასე, რა ჯობს ჩვენთვის – ნატოში გაწევრების პროცესი, თუ უკვე გაწევრება? საქმე ის არის, რომ ნატოში ჩვენი გაწევრების წინადღეს არავინ იცის, რას მოიმოქმედებს რუსეთი, ნატოში გაწევრების პროცესი კი მხოლოდ დივიდენდების მომტანი შეიძლება იყოს, მაგალითად, ახალი შეიარაღების მიღება, მუდმივი მხარდაჭერა, ზრუნვა იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ დაიმსხვრეს. მოკლედ, მერკელმა სიმართლე გვითხრა, თუმცა არაერთხელ გაიმეორა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და შეძლებისდაგვარად დაგვეხმარება კიდეც. მერკელმა გამოთქვა არაერთ სფეროში თანამშრომლობის სურვილი, ვიმედოვნებ, რომ ყველა ის საკითხი, ეკონომიკური თუ კულტურული თანამშრომლობის გეგმა, რაც იყო ნახსენები, შესრულდება“, – განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “რატომ გადაწყვიტა მერკელმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების გარეშე ჩასვლა? მოვისმინეთ ასეთი შეფასებაც, რომ ასეთ შემთხვევაში მისი მოქმედება უფრო მეტად გამოჩნდებოდა როგორც რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და პოლიტიკური აქტი, რაც თავიდან აიცილა”, – პასუხობს:
“და თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთი ასეთ შეფასებას “ჭამს”? ანგელა მერკელის საოკუპაციო ხაზთან მისვლა ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური აქტი და რუსეთის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია. მიმაჩნია, რომ მერკელი აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როცა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა. ამით აჩვენა, რომ სწორედ ევროკავშირი მეთვალყურეობს საოკუპაციო საზღვარს და იქ მიმდინარე მოვლენებს. ჩემი აზრით, ასე მისი ჩასვლა გაცილებით წონიანი გამოდგა. ქალბატონი მერკელი ძალიან კომპეტენტური პოლიტიკოსია, მას რომ მავთულხლართები და ბერლინის კედლები უნახავს, ბევრს არ დაესიზმრება. თავისი იქ ყოფნით მან ხაზი გაუსვა სწორედ იმას, რომ საქართველოს ოკუპაცია გრძელდება. ქართულ დელეგაციასთან ერთად რომ ჩასულიყო, რა შეიცვლებოდა?” – მიიჩნევს მამუკა არეშიძე.