ისრაელმა „ჰამასს“ 15 პალესტინელის ცხედარი გადასცა. აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც გვიან ღამით ღაზიდან ისრაელელი მძევლის, იტაი ჩენის ნეშტი გადმოასვენეს.
როგორც ისრაელის მედია წერს, იტაი ჩენი ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის სერჟანტი იყო, რომელიც 2023 წელს „ჰამასმა“ მოკლა.
ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ღაზაში დაბრუნებული პალესტინელთა ცხედრების რაოდენობა 285-მდე გაიზარდა, სანაცვლოდ კი „ჰამასმა“ 19 პირის ნეშტი დააბრუნა, მათგან ერთი – ტაილანდის, ერთი – ნეპალის, 17 კი ისრაელის მოქალაქე იყო.
შეთანხმების თანახმად, ყოველი ისრაელელი მძევლის დაბრუნების შემდეგ ისრაელი ღაზას 15 პალესტინელის ნეშტს გადასცემს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები „ჰამასის“ გვირაბებს გაანადგურებენ და დაჯგუფების წევრებს გაანეიტრალებენ.
„ისრაელის პოლიტიკა ღაზაში ნათელია: ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ გვირაბების განადგურებისა და „ჰამასის“ ტერორისტების განადგურების მიზნით ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფ ყვითელ ზონაში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. მიზანი, ყველა დაღუპული მძევლის დაბრუნებასთან ერთად, არის „ჰამასის“ განიარაღება და ღაზის დემილიტარიზაცია“, – წერს ისრაელ კაცი.
