“სირიაში, იდლიბის პროვინციის საზღვარზე სამთავრობო ძალები, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერით, დიდ შეტევას ამზადებენ. ამის საპასუხოდ თურქეთმა, რომელიც ამ პროვინციაში უკვე ფლობს რამდენიმე ბლოკ-პოსტს, დამატებითი სამხედრო ძალები გადაისროლა და ასადის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდება გაზარდა. მეტიც, ბრიტანული “როიტერსი” წერს, რომ თურქეთმა შეიძლება იარაღიც გამოიყენოს ასადის ჯარის წინააღმდეგ. ამ უკანანასკნელის მხარდამხარ კი რუსული სამხედროებიც იბრძვიან. თურქეთის ძალოვან სტრუქტურებში არსებული წყაროების თანახმად, ცოტა ხნის წინ იდლიბის საზღვარზე გადაგზავნილ ჯარებს დაემატა სპეცრაზმი, ჯავშანმანქანები და კიდევ ბევრი ტექნოლოგიური მოწყობილობა. ამის პარალელურად, თურქეთის ჯარმა იდლიბის პროვინციის შიგნით 12 ბლოკპოსტი გაამყარა. სირიის ოპოზიცია აცხადებს, რომ იდლიბთან თურქეთ-სირიის სახელმწიფო საზღვარი ათობით სამხედრო მანქანამ და ასობით სპეცრაზმელმა გადაკვეთა. მეამბოხეებს იმედი აქვთ, რომ იდლიბის პროვინცია არ გაიზიარებს სხვა ამბოხებული რეგიონების ბედს და ასადის რეჟიმის ხელში არ აღმოჩნდება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სირიაში პუტინისა და ერდოღანის ჯარებმა შეიძლება ერთმანეთს ესროლონ / სამთავრობო ჯარები იდლიბზე დიდ შტურმს იწყებენ, თურქეთმა პროვინციაში მათ წინააღმდეგ სპეცრაზმი შეიყვანა.
“როიტერსის” წყაროს ინფორმაციით, თურქეთს იდლიბში ჰყავს თავისი სამხედრო შენაერთი და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე პროვინციას თავს დაესხმება, თურქეთი ამას აგრესიის ჟესტად აღიქვამს და პასუხის გარეშე არ დატოვებს, მათ შორის სამხედრო კუთხითაც. იდლიბი ერთადერთი პროვინციაა, რომელსაც სირიის “ზომიერი ოპოზიცია” მეტ-ნაკლებად სრულად აკონტროლებს. ქვეყნის დანარჩენი ნაწილის ლომის წილი, რამდენიმე წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, ახლა ასადის ხელშია. ამაში მას დიდი დახმარება გაუწიეს რუსეთმა, ირანმა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა შიიტურმა შენაერთებმა. სწორედ ამიტომ, ასადის რეჟიმმა ეს პროვინცია მიზანში ამოიღო და დიდ შტურმს ამზადებს. გასეულ წლებში თითქმის ყველა მსგავსი ოპერაცია ასადისტების გამარჯვებით დასრულდა. გამომდინარე აქედან, თუ გარედან არ იქნება სერიოზული წნეხი, ასადის, რუსეთისა და ირანის კოალიცია, სავარაუდოდ, ამ ბრძოლაშიც წარმატებას მიაღწევს. შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს, რუსეთს, თუქრეთსა და ირანს შორის გაიმართა სამიტი, სადაც ქვეყნების პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ჰასან რუჰანიმ სწორედ იდლიბის გარშემო იმსჯელეს და ვერ მორიგდნენ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ერდოღანი დაჟინებით მოითხოვდა იდლიბში სამხედრო ოპერაციების დასრულებას, მაგრამ, საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ დეკლარაციაში არ შეიტანეს პუნქტი, რომელიც დაზავებას ითვალისწინებდა. მოგვიანებით ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბაშარ ასადის ქცევა სირიას ძვირად დაუჯდება და საბოლოოდ საშინელ, უმძიმეს ჰუმანიტარულ კატასტროფაში გადაიზრდება. გაერო-ს ჰუმანიტარული საკითხების სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენლის იენს ლარკეს განცხადებით, სირიის მოქმედ ხელისუფლებასთან საუბრისას ნათელი გახდა, რომ ქვეყნის მთავრობა აპირებს ამ რეგიონზე საკუთარი კონტროლის აღგენას და დაჟინებით მოითხოვს კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას. თურქეთი შიშობს, რომ იდლიბზე შეტევა მილიონობით ახალ დევნილს გააჩენს, რომლებიც თურქეთის საზღვარს მიაწყდებიან”, – დასძენს გამოცემა.