საქმე გვაქვს სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებთან. ტრანზაქციები შესრულებულია საქართველოს კანონმდებლობის და საბანკო პროცედურების სრული დაცვით, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა. მისი ინფორმაციით, თანხის ჩარიცხვა განხორციელდა შვეიცარიიდან 20 აპრილს, ხოლო კომპანიის დირექტორის მიერ თანხის გატანა მოხდა 22 აპრილს.
“ბოლო პერიოდის განმავლობაში უსამართლო ბრალდებები ხშირად გაისმის პირადად ჩემ მიმართ, ასევე „თიბისი ბანკის“ სახეების მიმართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და არასდროს ვრეაგირებთ ამ ბრალდებებზე. მეორე მხრივ, ვიცავთ კონფიდენციალურობას. მაგრამ გუშინ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბატონმა ოქუაშვილმა ჩვენი თანამშრომლები მოიხსენია.
მე მოგიყვებით იმ ტრანზაქციის შესახებ, რომელიც 2 კვირის განმავლობაში სალაპარაკო თემა გახდა. ეს კომპანია არის ქართული და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2016 წლის 19 აპრილს ყველა წესის დაცვით. ამავე დღეს იუსტიციის სახლის ფილიალში გაიხსნა საბანკო ანგარიში. წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით „თიბისი ბანკს“ იდენტიფიცირებული ჰყავს კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები.
რაც შეეხება ტყუილებს სამუშაო საათებთან დაკავშირებით, მარჯანიშვილის ფილიალი გახსნის დღიდან მუშაობს დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე. ტყუილია, რომ ამ ტრანზაქციის განხორციელებისათვის სპეციალურად მოხდა ფილიალის გახსნა. კლიენტმა თანხა ჩარიცხა 2016 წლის 20 აპრილს შვეიცარიიდან. 21 აპრილს ტრანზაქცია დაწყებულია 19:22 საათზე, ხოლო დასრულებულია 19:43 საათზე. კომპანიის დირექტორის მოთხოვნით, შესაბამისი თანხა მოვამზადეთ და ჩვენი თანამშრომლები დაუკავშირდნენ კლიენტს, რომ თანხა მზად იყო გასაცემად. ეს იყო სატელეფონო კავშირის მიზეზი. რეალურად თანხა გაიცა 22 აპრილს 13:01 საათზე.
ანუ ანგარიში გახსნილია და მომსახურება გაწეულია პროცედურების სრული დაცვით. სამწუხაროდ, ტყუილს აქვს ადგილი და ინტერპრეტაცია მოხდა სხვანაირად,” – განაცხადა ბუცხრიკიძემ.
ვახტანგ ბუცხრიკიძე „თიბისი ბანკიდან“ 4 მილიონი ლარის გატანის დეტალებს ყვება
2018/10/08 15:23:49
კომენტარები
ნანახია: 1776 ჯერ