შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 თვეში 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გასცა. ამის შესახებ სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დეპარტამენტის 9-თვიანი მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას თქვა.
2018 წელს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო, დისციპლინური სახდელი დაეკისრა რვა პოლიციელს. ოჯახში ძალადობაში კი ამხილეს 16 პოლიციელი, რომელთა მიმართ (გამოძიების პარალელურად) გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამკაცრდა პოლიტიკა უწყების იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობაში არიან მხილებული ან არასათანადო რეაგირებას ახდენენ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.
უწყების ანგარიშში ასევე წერია, რომ გაიზარდა ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომართვიანობა, რაც განპირობებულია სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლებით.
ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რაც განმეორებითი ძალადობის ადრეულ ეტაპზე პრევენციის შესაძლებლობას იძლევა.