შვეიცარიაში საყოველთაო რეფერენდუმი იმართება, სადაც მოქალაქეები ორ ინიციატივასთან დაკავშირებით იღებენ გადაწყვეტილებას – ქვეყნის ნეიტრალიტეტსა და სურსათის უსაფრთხოებაზე.
რეფერენდუმის მთავარი საკითხია ინიციატივა „შვეიცარიული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება“, რომელიც მემარჯვენე-კონსერვატიულ „შვეიცარიის ხალხის პარტიასთან“ დაახლოებულმა გაერთიანებამ Pro Schweiz-მა წამოაყენა. პროექტი ითვალისწინებს კონსტიტუციაში ქვეყნის მუდმივი და შეიარაღებული ნეიტრალიტეტის, ასევე მისი გამოყენების უფრო მკაცრი წესების დაფიქსირებას.
კერძოდ, ინიციატივა კრძალავს შვეიცარიის გაწევრიანებას სამხედრო თუ თავდაცვით ალიანსებში და მათთან თანამშრომლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ქვეყანაზე ხდება პირდაპირი თავდასხმა ან მისი უშუალო მომზადება. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს მესამე სახელმწიფოებს შორის არსებულ სამხედრო კონფლიქტებში ჩაურევლობას.
ინიციატივის მხარდამჭერთა მტკიცებით, ეს შვეიცარიას უფრო უსაფრთხოს გახდის, რადგან ყველა სახელმწიფო პატივს სცემს მის მკაცრ ნეიტრალიტეტს, რაც ქვეყანას თავდასხმებისგან დაიცავს. ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ თანამედროვე სამყაროში ნეიტრალიტეტს მიღმა დამალვა და აგრესორისა და მსხვერპლის გათანაბრება დაუშვებელია. ბოლო გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ამ ინიციატივას, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს.
ცვლილებების კიდევ ერთი პუნქტი სანქციებს ეხება. მისი მიღების შემთხვევაში, შვეიცარია ვეღარ შეძლებს დააწესოს ცალმხრივი სანქციები მეომარი სახელმწიფოების წინააღმდეგ, გარდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ზომებისა და სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო მექანიზმებისა. ასეთ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები ჩვეულებრივი მოცულობით გაგრძელდება.
ინიციატივა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ, ბერნის საგარეო პოლიტიკის გარშემო დაწყებული დებატების ფონზე გაჩნდა. ომის დაწყების შემდეგ შვეიცარია დიდწილად შეუერთდა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.
ფედერალური საბჭო და პარლამენტი აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან. მათი განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა ისედაც უზრუნველყოფს შვეიცარიის მუდმივ ნეიტრალიტეტს, ხოლო შეთავაზებული ცვლილებები შეზღუდავს ქვეყნის შესაძლებლობას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ცვალებად საერთაშორისო ვითარებაზე.
მეორე ინიციატივა, რომელიც კენჭისყრაზეა გამოტანილი, სურსათის უსაფრთხოებას ეხება. იგი ითვალისწინებს ადგილობრივი წარმოების საკვები პროდუქტების წილის გაზრდას საერთო მოხმარების არანაკლებ 70 პროცენტამდე.
დოკუმენტი ასევე მოიცავს მცენარეული პროდუქტების წარმოების გაზრდას, პესტიციდებისა და სასუქების გამოყენების შემცირებას, ასევე სასმელი წყლის, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის გაძლიერებას. აღნიშნული მიზნების მიღწევა ინიციატივის მიღებიდან ათი წლის ვადაში იგეგმება.
ფედერალურმა საბჭომ და პარლამენტმა ამ ინიციატივასაც მხარი არ დაუჭირეს. მათ განმარტეს, რომ ეს მოითხოვს სახელმწიფოს სერიოზულ ჩარევას აგრარულ სექტორსა და მოსახლეობის კვების რაციონში, ხოლო დასახული შედეგების მიღწევა დადგენილ ვადებში ნაკლებად რეალისტურია.
ორივე ინიციატივის მისაღებად საჭიროა არა მხოლოდ ამომრჩეველთა უმრავლესობის, არამედ კანტონების უმრავლესობის მხარდაჭერაც.
