ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე, რომლის მიხედვითაც, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ხვალ მედიის კითხვებს უნდა უპასუხოს, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია უარს ამბობს. ჟურნალისტმა უარის მიზეზები “ფეისბუქის” პირად გვერდზე განმარტა.
“გამარჯობა მეგობრებო, რადგან ამდენი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, მივდივარ თუ არა ხვალ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, ბარემ აქვე დავწერ, სიამოვნებით წავიდოდი, რადგან მგონია, რომ საინტერესო ბრიფინგი იქნება, მაგრამ ხვალ 20.00-ზე მეწყება გადაცემა “რეაქცია”, რომელიც გრძელდება ზუსტად იმ დრომდე, როცა იწყება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალისტებთან. ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, ამიტომ ტვ – “პირველი” გადაწყვეტს , ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენგან ამ შეხვედრაში. მადლობა ყურადღებისთვის!”, – დაწერა გრიგოლიამ, თუმცა, ჟურნალისტის განმარტებას სოციალურ ქსელში კრიტიკა მაინც მოჰყვა. ტელეწამყვანმა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან გამოხმაურებებს უპასუხა:
“რავა მთელი ქვეყანა მედია-ექსპერტები ყოფილხართ… რა მიზეზებს ეძებთ? რა სისულელე ვერსიებს ვისმენ ბიძინა ივანიშვილთან დაგეგმილ ინტერვიუზე ჩემი ვერ წასვლის გამო? გადაცემა და მაყურებლის მიმართ პატივისცემა იცით თქვენ რას ნიშნავს?! – იმას, რომ გადაცემა არ ჩააგდო და შენი ვალდებულება შეასრულო… ტელევიზიის ბადე და სარეკლამო ვალდებულებები მაინც თუ გაგიგიათ? სიამოვნებით წავიდოდი და მივიღებდი ამ ინტერვიუში მონაწილეობას. რაც არ გინდათ გაიგოთ, ვერც გაიგებთ და არც მე დავიღლი თავს რაიმეს დამატებითი ახსნით. ეს იგივეა, მე რომ ქირურგს ვასწავლო, ოპერაციისას ასე კი არ უნდა მოქცეულიყავი, არამედ, სხვანაირად -თქო. ისე, ტვ -“პირველს” იმდენი ვარსკვლავი წამყვანი ჰყავს, ხვალ ძალიან საინტერესო შეკითხვებით იქნება იქ ჩვენი ტელევიზია… თქვენ მაგაზე არ იდარდოთ,” – წერს გრიგოლია.
შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს, 22.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამი ყველაზე რეიტინგული არხის, სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია იმედიდან, „პირისპირ“ – ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-დან „არჩევანი“ – გიორგი გაბუნიას და ტვ პირველიდან – „რეაქცია“ – ინგა გრიგოლიას, იწვევს მასთან ინტერვიუზე.