შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანია “კავკასიის” ქონებას ყადაღა დაადო. ყადაღის შესახებ ბრძანება 23 ოქტომბრით არის დათარიღებული. ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა Facebook-ზე დაწერა.
ჯანგირაშვილის თქმით, ტელეკომპანია დავალიანებას გრაფიკით დადგენილი წესით იხდის, დავალიანების ოდენობა კი 8500 ლარამდეა შემცირებული. ნინო ჯანგირაშვილის თქმით, დარჩენილ დავალიანებაზე ახალი გრაფიკის შესადგენად ტელეკომპანიამ საგადასახადო სამსახურს მიმართა.
“რახან უზარმაზარი ბიზნესიმპერიების მფლობელებს არ ერიდებათ წუწუნი, დავალიანებებზე და გრაფიკებზე ღიად ლაპარაკი, მოდი მეც გეტყვით საინტერესო ამბავს, მითუმეტეს, რომ ხელისუფლების საინტერესო დამოკდებულება იკვეთება კავკასიის მიმართ. გუშინდელი მდგომარეობით კომპანიის საგადასახადო დავალიანება მიმდინარე, ანუ 15–ში დეკლარირებული და ძველი, ანუ გრაფიკით გადანაწილებული დავალიანება ჯამში შეადგენდა 12 540 ლარს. გრფიკით დადგენილს ვიხდით ზუსტად. მიმდინარე დაგვიგვიანდა. ხოდა, აი დღეს უკვე გამოსცეს ტელეკომპანიის დაყადაღების ბრძანება. რასაც გულისხმობს შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ. პრაქტიკულად ტელევიზიის პარალიზებას. ამჟამად დავალიანება შემცირებულია 8500 ლარამდე და დარჩენილ დავალიანებაზე ახალი გრაფიკის შესადგენად მივმართეთ საგადასახადოს. ვნახოთ რას იზამენ. კობახიძის სპეტაკი სახით გაკეთებულ კომენტარი წარმომიდგენია ამ თემაზე და ამიტომ წინასწარ გავცემ პასუხს: თქვენი დეპუტატებივით ფოკუზნიკი კი არ ვარ მიზერული შემოსავლებით სასწაულები მოვახერხო. დამოუკიდებელი მედია სულს ღაფავს ამ ქვეყანაში. მადლობა ბატონო ბიძინი სისხლიანი რეჟიმისგან რომ გაგვათავისუფლეთ”, – წერს ნინო ჯანგირაშვილი Facebook-ზე.