“ნაცმოძრაობის” დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრისას, ნურავინ შეეცდება გადაარჩინოს ბოკერიას ჯგუფი, რომელიც რეალურად “ნაც.მოძრაობის” ყველაზე რეაქციული, ყველაზე რადიკალური, ყველაზე სახიფათო განშტოებაა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
“კარგი იქნება, თუ “ქართული ოცნების” პათოსი (ნაცმოძრაობის ორივე ფრთასთან მიმართებაში) არჩევნების შემდგომ პერიოდშიც არ მიეცემა ტრადიციულ დავიწყებას და ბოლოს და ბოლოს თუ გააცნობიერებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს მიერ წარდგენილ რეზოლუციას. ეს ერთი.
მეორე: – “ნაც.მოძრაობის” დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრისას, ნურავინ შეეცდება გადაარჩინოს ბოკერიას ჯგუფი, რომელიც რეალურად “ნაც.მოძრაობის” ყველაზე რეაქციული, ყველაზე რადიკალური, ყველაზე სახიფათო განშტოებაა. რომან გოცირიძეს კი ჰქვია ნაცმოძრაობა, მაგრამ რეჟიმი სააკაშვილ – ბოკერია – უგულავები იყვნენ და არა ეკონომისტი გოცირიძე. ამდენად, ბოკერიას ფრთის განწმენდის განზრახვა აქედანვე ამოიგდონ თავიდან, თუ ვინმეს თავში ეს აზრი მაცდუნებლად ისევ ფეთქავს.
მესამე – რაც დღეს ხდება, 6 წლიანი მარაზმატიკული პოლიტიკის შედეგია. ეს რომ აღარ მოხდეს, სახელმწიფოს ორივე ხელმა, ტვინმა, გულმა და ენამ ერთი საქმე უნდა გააკეთოს- სამართლიანობის რწმენა უნდა დაბრუნდეს ქვეყანასა და ხალხში!!! და არა ისე, რომ თან, ებრძვი და თან- კრიმინალებს ოპონენტად ინარჩუნებ.
ბოლოს- საარჩევნო უბანზე ყველა უნდა მივიდეთ, არჩევნებში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, იმის მიუხედავად, რომ რწმენა არჩევნების ობიექტურობისადმი სერიოზულადაა გაბზარული და დაზიანებული.
არჩევნების მეორე დღიდან უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა და მოქმედება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, ცესკოს რეფორმირებით დაწყებული გაგრძელებული პოლიტიკური რეკლამის ხელმისაწვდომობით.
არჩევნებზე კი იმიტომ უნდა მივიდეთ, რომ ჩვენი ინერტულობით ბოროტებას არ დავეხმაროთ” , – წერს ინაშვილი.