საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ეკონომიკის ექპერტები ეხამურებიან. სოსო არჩვაძის აზრით, ეკონომიკური განვითარება გარკვეულ წილად ლოკომოტივს ჰგავს, რომელსაც „სიჩქარის ასაკრეფად“ გარკვეული დრო და მანძილი სჭირდება.
არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის გატარებული ღონისძიებები თვალსაჩინო შედეგს უკვე იძლევიან.
“2018 წლის სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5.6% შეადგინა, რაც მესამე კვარტალის წინა თვეების მაჩვენებლებზე (ივლისი – 4.6%, აგვისტო – 2.0%), აგრეთვე პირველი და მეორე კვარტალის საშუალო მაჩვენებლებზე (შესაბამისად, 5.3% და 5.5%) უფრო მაღალი მაჩვენებელია. ზრდა, წლის დარჩენილ თვეებში, არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში (მათ შორის, ყურძნის მოსავლისა და გადამუშავების დიდი მოცულობის გამო) ასევე მაღალ დონეზე იქნება შენარჩუნებული. ეკონომიკური ზრდა მიღწეულია ეროვნული მეურნეობის როგორც რეალურ სექტორში, ისე მომსახურების დარგებში (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო, შუამავლობა, ტრანსპორტი, სასტუმროები და რესტორნები და ა.შ.), რაც ეკონომიკის სეგმენტურიდან უფრო ფართო და დაბალანსებული განვითარებაზე გადასვლაზე მეტყველებს”,- განაცხადა სოსო არჩვაძემ.
მისი თქმით, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა საგარეო ვაჭრობის მონაცემებიც, რომელთა მიხედვითაც გრძელდებოდა ექსპორტის უპირატესი ზრდა იმპორტის ზრდასთან შედარებით (მატების ტემპი, წინა წლის ცხრა თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 25.7% და 19.1%, მათ შორის მხოლოდ სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, შესაბამისად, 17.1% და 3.3%). აღნიშნულის გამო ექსპორტით იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი 2 პუნქტით გაიზარდა (36.7%, ნაცვლად გასული წლის 34.7%-სა).
“აღსანიშნავია, რომ ექსპორტ-იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტის მხოლოდ 1 პუნქტით ზრდა წელზე გადაანგარიშებით ქვეყანაში დაახლოებით 5 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის ექვივალენტურია, რაც ჩვენი ქვეყნისათვის, სადაც უმუშევრობის პრობლემას თითქმის ეგზისტენციური დატვირთვა აქვს, უაღრესად მნიშვნელოვანია”,- აღნიშნა არჩვაძემ.
სოსო არჩვაძე – ეკონომიკა დამაიმედებელი ტემპებით ვითარდება
2018/10/30 13:20:28
კომენტარები
ნანახია: 1161 ჯერ