“უკრაინა შეძლებს რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს, რადგან მას 300 ათასიანი არმია ჰყავს. თუ ქერჩის სრუტეზე გასასვლელს უკრაინა დაკარგავს, დიდი პრობლემა შეექმნება, მათ შორის ეკონომიკური ხასიათის. „უკრაინა იძულებული იქნება რუსეთს გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიოს. უკრაინა იბრძოლებს იმისთვის, რომ არ დათმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეეზღუდება საზღვაო კავშირების გზით გარე სამყაროსთან თანამშრომლობის განვითარება,” – აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან” საუბრისას. რუსეთმა უკრაინა საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და მის მიერ ანექსირებული ყირიმის სანაპიროს სიახლოვეს მცურავი უკრაინული ხომალდების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, რაც შეფასებულია, როგორც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად“, – წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “უკრაინის 300-ათასიანი არმია შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს“ – ჩიტაძე
“ნიკა ჩიტაძის თქმით, არსებობს პესიმისტური სცენარი, – განხორციელდეს კონფლიქტის მეტი ესკალაცია. უკრაინამ ყირიმის ანექსიის შემთხვევაში რუსეთს წინააღმდეგობა არ გაუწია, რადგან ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს რუსეთთან შეერთებას უჭერდა. თუკი დასავლეთი რუსეთის მიმართ უფრო მტკიცე პოზიციას გამოავლენს, – განაცხადებს, რომ შესაძლებელია სანქციების კიდევ უფრო გაძლიერება, ან დასავლეთ უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდებას განიხილავს, კერძოდ კი, ნატო, შესაძლებელია ამ შემთხვევაში რუსეთმა უკან დაიხიოს და დასავლეთის პოზიცია გაითვალისწინოს. რუსეთის ქმედება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა გახლავთ, მათ შორის 1982 წელს მიღებული საერთაშორისო კონვენციის საზღვაო სამართლის შესახებ ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევაც, რადგან უკრაინის სამხედრო ხომალდები საკუთარ ტერიტორიულ წყლებში გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა, რუსეთსა და უკრაინას შორის 2003 წლის შეთანხმება არსებობს, – ქერჩის სრუტეში, როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო დანიშნულების მცურავი საშუალებების შეუფერხებელი და შეუზღუდავი გადაადგილების შესახებ“, – აღნიშნავს გამოცემა.
“ჩიტაძის თქმით, რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ზრახვები. რუსეთს სურს დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რომ სწორედ ის არის შავი ზღვის აკვატორიაში მდგომარეობის ბატონ-პატრონი. შემთხვევითი არაა, რომ ყირიმში რუსეთის სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი 32 ათასამდე გაიზარდა, 2014-2018 წლამდე პერიოდს ვგულისხმობ. რუსეთის მიზანია ერთი მხრივ კუნთები ათამაშოს და გამოაჩინოს თავი, რომ თვითონ არის ბატონ-ბატრონი. მეორე მხრივ, რუსეთის მიზანი ყურადღების გადატანაა რუსეთში არსებული ვითარებიდან, როდესაც პუტინის რეიტინგი 80%-დან 56%-მდე დაეცა. თუ ესკალაცია გაგრძელდა, შეტაკებებს უფრო ექნება ადგილი საზღვაო სივრცეში. თუ კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, ორი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები იქნებიან კონფლიქტში ჩართული. შესაძლებელია პირიქით, – ვითარების დარეგულირება განხორციელდეს, თუ დასავლეთი ერთიან მტკიცე პოზიციას აჩვენებს რუსეთს“, – წერს სტატიის ავტორი.