საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დესტაბილიზატორია. მისივე შეფასებით, ოპოზიციამ საკმაოდ ფრთხილი განცხადებები გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილისთვის მთავარი პოლიტიკური კრიზისის შექმნა იყო და გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება-დამარცხება მისთვის არაფერს წარმოადგენდა.
„ბოლო წლების განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილი არის დესტაბილიზაციის ფაქტორი და პრეზიდენტობის პერიოდშიც, განსაკუთრებით, 2007 წლის შემდეგ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, იყო ქვეყნის დესტაბილიზაციის ფაქტორი, მით უმეტეს, თუ ჩავთვლით 2008 წლის ომსაც რუსეთის ფედერაციასთან. აქედან გამომდინარე, ის თავად არის დესტაბილიზატორი.
ფრთხილი განცხადებები, რომელიც გააკეთა გუშინ ოპოზიციამ, ჩემთვის გასაგები იყო, რადგან შედეგი, რომელიც დადგა, იყო ქართველი ხალხის ნება. დიდწილად ეს იყო იმის შედეგი, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რა მიზნები ამოძრავებდა ქვეყნიდან გაქცეულ სააკაშვილს. ამ არჩევნებში მისთვის საერთოდ არაფერს წარმოადგენდა გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ან დამარცხება, მისთვის მთავარი იყო, რომ არჩევნები როგორც არ უნდა დასრულებულიყო, შეექმნა ყველა პირობა, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნილიყო“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებს არჩევნების შედეგების აღიარებას და ამომრჩევლებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.
“ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რა მიზნები ამოძრავებდა ქვეყნიდან გაქცეულ სააკაშვილს”
2018/11/29 16:32:55
კომენტარები
ნანახია: 687 ჯერ