შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე უსაფრთხოება დაცული იქნება. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, როგორც ყოველთვის, უწყება კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოიქცევა, ისე როგორც ყოველთვის იქცეოდა, კანონის ფარგლებში ვგულისხმობ რა თქმა უნდა. გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ ამ უფლებებს მანიფესტაციების დროს, ასევე დავიცავთ იმ ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებენ. ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და ამოცანა იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, ნათია მეზვრიშვილის თქმით, თუ იქნება რაიმე დარღვევის მცდელობა, უწყება დროულ რეაგირებას მოახდენს.
„თუ იქნება კონკრეტული მცდელობები სამართალდარღვევის ჩადენის და დანაშაულის, ბუნებრივია ამაზე შსს რეაგირებას მოახდენს. მათ შორის მოწოდებების გარეშეც ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ყველა დანაშაულზე ვახდენთ დროულ რეაგირებას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.