პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი თბილისში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ დავითაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შესაძლებელია, საზოგადოებამ ჩათვალოს, რომ კობა დავითაშვილი როგორც პარლამენტის წევრი სასარგებლოა საზოგადოებისთვის და მისი გამოცდილება გამოსაყენებელია. მინდა, ეს ვსინჯო. მე ვაპირებ კენჭისყრას მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, სალომე ზურაბიშვილის ოლქში, რომელიც თავისუფლდება იმის გამო, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. ამ კენჭისყრის შედეგები ჩემთვის იქნება გადამწყვეტი, ეს იქნება ჩემი შეკითხვა ამომრჩევლისადმი – სურთ, თუ არა კობა დავითაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ხალხმა 2013 წელს გადაწყვიტა, რომ ჯობდა კობა დავითაშვილი პოლიტიკიდან წასულიყო, ეს გადაწყვეტილება არჩევნების გზით ისევ ხალხმა უნდა შეცვალოს. თუ ხალხი მეტყვის, რომ პარლამენტში შენნაირი დეპუტატი საჭიროაო, მაშინ დავბრუნდები პოლიტიკაში“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ასევე დავითაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში დაბრუნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
„ეს გადაწყვეტილება მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული, დამოკიდებულია ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამ ზამთარს როგორ გადავიტან, იმაზეა დამოკიდებული. შარშან იანვრიდან ლოგინად ჩავვარდი, 5 თვე ვერ ვდგებოდი, თუ ასეთი რამ განმეორდა, პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი ზედმეტია. საზაფხულო პოლიტიკოსები არ არსებობენ. ეს გადაწყვეტილება გაზაფხულზე უნდა იქნას მიღებული“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ის „პატრიოტთან ალიანსთან“ თანამშრომლობს.
„ვთანამშრომლობ „პატრიოტთან ალიანსთან“. იმ ძალად, რომელთანაც მექნება აქტიური თანამშრომლობა მოვიზიარებ „პატრიოტთა ალიანსს“. ვისურვებდი კონსერვატიული მიმართულების ტრადიციული ფასეულობების დამცველთა ალიანსი, ან ერთი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს. სასურველია, მესამე ძალის ფორმირება „პატრიოტთა ალიანსის“ ჩართულობით მოხდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი მეცხრე მოწვევის პარლამენტში სალომე ზურაბიშვილია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები გაზაფხულზე დაინიშნება.
თამუნა შეყილაძე
„კვირა“