საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ბედნიერია, რომ დღეს აქ არის.
“მე ვარ ბედნიერი, რომ აქ ვარ. ვიცი, რომ ჯერ არ არის ყველაფერი დასრულებული, როგორც იქნება რამდენიმე კვირაში თუ თვეში. მაგრამ გვაქვს საშუალება, რომ ამ ფლიგელში დავიწყოთ მუშაობა და იმდენი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ გარემოს პირველ ეტაპზე, თუმცა მერე როცა სტუმრები გვეწვევიან საჭიროა, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ათონელის რეზიდენცია მათი სახლი იქნება: “ვფიქრობ, გვექნება ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ჩემი სურვილი და ამისთვის თქვენგანაც მადლობელი ვიქნები”, – თქვა ზურაბიშვილმა.
რეზიდენცია ათონელის 25 ნომერში მდებარეობს. ის ხუთსარულიანია და ფართობი, 6 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს. შენობაში განთავსებულია შეხვედრებისა და საკონფერენციო დარბაზები, კაბინეტი, საოფისე ოთახები, რომლებიც შესაბამისი ავეჯით არის აღჭურვილი. თუმცა, ორბელიანის სასახლეს არ აქვს შესაბამისი ეზო, სადაც პრეზიდენტს მაღალი რანგის მიღებების გამართვა შეეძლება. რეზიდენციის რეკონსტუქცია-რესტავრაციაზე 26 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.