ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ჩემს დროს მარაგი გვქონდაო, თუ ამოგვეწურებოდა, თვითმფრინავს ვუშვებდი და ერთ საათში ყველა პრობლემა გვარდებოდაო“, – ცინიკოსმა. საავადმყოფოს კართან ფულს თუ არ გადაიხდიდი, თითს ვერ დაგაკარებდნენ ექიმები – ეს არ ახსოვს! ჰო და კიდევ ერთი, სადაც ახლა აგდია იქაც დეფიციტშია „ტამიფლუ“ და ამიტომ გაუხდა საქმე საჩუქებლად?“ – წერს მეფარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ექს-პრეზიდენტმა facebook-live-ის დროს განაცხადა, მის უმცროს შვილს ნიკოლოზს H1N1 ვირუსი ჰქონდა.
„ნიკუშას ჰქონდა H1N1 ვირუსი და სიმპტომების გამოვლენიდან მეორე დღესვე, ერთმა ძალიან კარგმა ექიმმა და კეთილშობილმა ადამიანმა ტამიფლუს პრეპარატი გვაჩუქა, თავისი პირადი მარაგიდან, და 48 საათიც არ დაჭირდა კრიზისის მოხსნას, მაგრამ ათასობით სხვა პაციენტს, ვისაც არ ყავს ასეთი მეგობრები, გუშინდელ დღემდე არ ქონდა ასეთი შესაძლებლობა.
სამწუხაროა, რომ “მთავრობას” ამდენი დღე დასჭირდა პრეპარატის ჩამოსატანად. ჩემს დროს, ჯერ ერთი, წინასწარ გვექნებოდა მარაგი და თუ არ გვეყოფოდა, თვითმფრინავს გავუშვებდით და რამდენიმე საათში ჩამოვიტანდით სხვა ქვეყნიდან და თავიდან ავიცილებდით ამდენ მსხვერპლს. აქ კიდევ დაიკარგა მრავალი დღე და რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლე.
განვითარებულ ქვეყნებში ამ გრიპისგან სიკვდილიანობა არ აღემატება 0,02% და ჩვენთან ამ დღეებში გადააჭარბა 6%, ასე რომ უუნარობა და „ოცნება” კლავს! და კიდევ, რა თქმა უნდა, რუსებმა ეს ჩვენი უბედურება ხელახლა გამოიყენეს ქართველი აგენტების მეშვეობით, ლუგარის ლაბორატორიაზე მორიგი თავდასხმისთვის, არადა საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი თანამედროვე ლაბორატორია გვაქვს და ჩემს შვილსაც მათ დაუდგინეს დიაგნოზი რამდენიმე საათში და კიდევ უფრო ოპერატიულად, ვიდრე მაგალითად ამერიკაში ხდება ხოლმე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩემს მეგობარს უნდოდა გუშინ ჩვეულებრივ ლაბორატორიაში ტესტის აღება და უთხრეს, რომ ტესტერები დაუმთავრდათ”– აცხადებს სააკაშვილი.