7 იანვარს გაუჩინარებული 23 წლის მეზღვაურის, დათო რაზმაძის ბიცოლა ნინო ლაბაძე “პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ ლიბიაში ნაოსნობის დროს დაკარგულს, ბოლოს ოჯახი 6 იანვარს ეკონტაქტა.
“ბავშვი თურმე 7 იანვარს გადასულა ლიბიის საზღვარზე და მას შემდეგ არაფერი სმენიათ. ჩვენ, ოჯახმა 14 იანვარს გავიგეთ, რომ გაუჩინარდა. რა ვქნათ არ ვიცით. დედა თურქეთშია გათხოვილი, მამა გარდაცვლილი ჰყავს”, – ამბობს ნინო ლაბაძე.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია. მიმდინარეობს დაკარგულის ადგილსამყოფელის დადგენის სამუშაოები.
როგორც “პრაიმტაიმმა” გაარკვია, დათო რაზმაძე ზაზა რაზმაძის ვაჟია, აგვისტოს ომში, გორში გადაღებული იმ ცნობილი ფოტოს გმირი, რომელიც დაბომბვისას გარდაცვლილ ძმას დასტირის.
ფოტო, რომელზეც ძმები ზვიად და ზაზა რაზმაძეები არიან გამოსახული, 2008 წლის ომის ფოტო ქრონიკების ყველაზე ცნობილი კადრია. თავად ზაზა რაზმაძე 2014 წელს კარალეთში, საკუთარი კოტეჯის ეზოში, ელექტროგაყვანილობის მონტაჟისას, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ზაზა რაზმაძეს გორის ძველი ბაზრიდან, სადაც დედამისი მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობდა, რკინის ჯიხური კარალეთის დევნილთა დასახლებაში, საკუთარი კოტეჯის წინ გადაჰქონდა. კოტეჯის სიახლოვეს კი ახალი ბაზარი მდებარეობს. ძველი ბაზრის გაუქმების შემდეგ მოვაჭრეების ნაწილი ახალ ბაზარში გადავიდნენ. თითოეულ მათგანს თავისი ნივთები ახალ ბაზარში გადაჰქონდა. რაზმაძეებსაც სავაჭრო ჯიხური სპეციალური მანქანით ე.წ. “ამწე”-თი გადაჰქონდათ. ზაზა რაზმაძე “ამწეს” ხელით ეხმარებოდა, რა დროსაც ძაბვა ჯიხურის კონსტრუქციებზე გადავიდა.
რაზმაძეები სოფელ ერედვიდან არიან დევნილები და სოციალურ გაჭირვებას განიცდიან.