„შევხვდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ ჩვენ 10 ათას ლარს არ გადავიხდით, რადგან ეს არის 11 წლის წინანდელი ამბავი“, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მას და მის პარტნიორს ბადრი ჯაფარიძეს აშანტაჟებდა.
“ეროვნული ბანკი“, პრაქტიკულად, მე და ბადრი ჯაფარიძეს გვაშანტაჟებდა, მისი პრეზიდენტის და მისი ახლად არჩეული ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან. ისინი მოვიდნენ. მათ გამოუგზავნეს წერილი „თიბისი ბანკის“ დამოუკიდებელ დირექტორებს. 7 წევრი ჰყავს „თიბისი ბანკს“ სამეთვალყურეო საბჭოში აქ და 9 წევრი ყავს ლონდონის ბირჟაზე. საქართველოში მყოფი ხუთი წევრი არის ლონდონის ბირჟის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი დირექტორი, ისინი არიან უცხოელები. მათ გამოაგზავნეს წერილი და დაგვარიცხეს პირველი ჯარიმა, 10 ათასი ლარი, ის, ალბათ, ვიღაცამ დაუწუნა, რომ ცოტა იყო. მე შევხვდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ ჩვენ 10 ათას ლარს არ გადავიხდით, რადგან ეს არის 11 წლის წინანდელი ამბავი, გამოუშვეს ახალი დეპარტამენტი, დაგვარიცხეს მილიონი ლარი. მათ გამოგზავნეს წერილი დამოუკიდებელ დირექტორებთან და მოსთხოვეს, რომ განეხილათ ჩემი და ბადრის სამეთვალყურეო საბჭოში ყოფნის მიზანშეწონილობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას. მე მივედი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვიყავით გადავმდგარიყავით თავმჯდომარეობიდან და მოადგილეობიდან, რადგან ეროვნული ბანკი არის რეგულატორი. მათ თქვეს, რომ ჩვენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან მთლიანად უნდა წავსულიყავით. ამაზე ჩემი პასუხი იყო – ეს გავს იმას, რომ 27 წლის შვილთან არ მოგცენ უფლება, წელიწადში ოთხჯერ ნახო და მოისმინო რას აკეთებს შვილი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, კობა გვენეტაძისგან მოითხოვა მიეღო ისეთი წერილი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ბანკში კრიმინალური არაფერი მომხდარა, რაც არ მოხდა.
მამუკა ხაზარაძე – “ეროვნული ბანკი“, პრაქტიკულად, მე და ბადრი ჯაფარიძეს გვაშანტაჟებდა
2019/03/04 14:13:03
კომენტარები
ნანახია: 903 ჯერ