ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეში ახალი დეტალებია. “ქრონიკისთვის” ცნობილი ხდება, რომ კუდის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი მზადაა ჩვენება მისცეს და ის პირები დაასახელოს, ვისგანაც ბადრი პატარკაციშვილის თვალთვალზე დავალებებს იღებდა.
ეს ინფორმაცია “ქრონიკას” ნაწილობრივ დაუდასტურეს პროკურატურაშიც. ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმე, რომელიც პროკურატურამ გახსნილად 2018 წლის 17 ოქტომბერს გამოაცხადა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა.
დიდ ბრიტანეთში პატარკაციშვილის ცხედარს ექსპერტიზა 14 დღე უტარდებოდა. სკოტლანდ იარდის საბოლოო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო.
დღევანდელ პროცესზე გიორგი თარგამაძე გამოიკითხა, რომელსაც დარბევის დროს „იმედში“ საზოგადოებრივი და პოლიტიკური გადაცემების ხელმძღვანელი იყო. მან სასამართლოში ვრცლად ისაუბრა 7 ნოემბერს და მანამდე განვითარებული პროცესების შესახებ. როგორც თარგამაძე აცხადებს, ტელეკომპანია “იმედსა” და მაშინდელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა რაც “იმედის” ეთერში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ მომზადებული სიუჟეტი გავიდა. რაც შეეხება “იმედში” შემოჭრის დღეს, თარგამაძემ ეს დღეც დეტალურად გაიხსენა.
2018 წელს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა. ამის შემდეგ იყო საგანგებო მდგომარეობა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. 2008 წელს კი ტელეკომპანია „იმედი“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მის ოჯახს ჩამოართვეს.
პროკურატურამ ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და მისი დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა. ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს პატიმრობა 2014 წლის 1 აგვიტოს შეეფარდათ.