„თურქეთის პრეზიდენტის ეროვნება სიტუაციის შესაბამისად იცვლებოდა. როცა პატარა რეჯებს ერთი წელი შეუსრულდა, ოჯახი სტამბოლიდან საცხოვრებლად თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, რიზეში გადავიდა, საქართველოსთან ახლოს, სადაც მრავალრიცხოვანი ნათესაობა ჰყავდა. რეჯებმა იქ 12 წელი გაატარა. თავისი კარიერის დასაწყისში რეჯეპი ამბობდა, ჩემი წინაპრები აჭარიდან არიან და რიზეში დასახლდნენო“ – ამიე შესახებ რუსული რადიოსადგური «Радио КоммерсантЪ FM» იუწყება და ერდოღანის სიტყვებსაც ციტირებს:
„მე ეთნიკური თურქი არ ვარ, ქართული ფესვები მაქვს როგორც მამის, ისე დედის მხრიდან“, – ციტირებდა რეჯეპ ერდოღანის სიტყვებს თურქული გაზეთი „მილიეთი“. 2003 წელს, როცა რეჯეპ ერდოღანი საქართველოში ვიზიტით ჩავიდა, ადგილობრივი მასმედია წერდა, რომ თურქეთის ლიდერმა დადასტურა – მისი ნათესავები ქართველები არიან, რომლებიც ბათუმში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი რიზეში გადასახლდნენო. სხვათა შორის, თურქული ოპოზიციც საკმაოდ ხშირად ახსენებდა ხოლმე ამ ფაქტს: „აი, ჩვენი პრემიერ-მინისტრი რომ ამბობს, ცოლად არაბი ქალი მყავს, მე კი წარმოშობით ბათუმელი ვარო, ამ დროს პროვოკაციას აწყობს თურქეთის 35 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორის“, – ამბობდა ოპოზიციური პარტიის ლიდერი დევლეთ ბახჩელი 2010 წელს.
2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ტელევიზიით გამოსვლისას რეჯეპ ერდოღანმა თავისი წარმომავლობა შეცვალა და მტკიცედ განაცხადა: „მე სტამბოლელი ვარ, მორჩა, წერტილი დავსვი. არ დაიჯეროთ, რაც არ უნდა მოისმინოთ ჩემს შესახებ. ერთი ამბობდა, რომ მე თითქოს წარმოშობით ქართველი ვყოფილვარ, მეორე იძახდა, რომ… ბოდიში ამ გამოთქმაზე, თურმე სომეხი არისო. მამაჩემიც, პაპაჩემიც და სხვა ნათესავებიც ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ მე თურქი ვარ. რას ვიზამთ, არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს თავისებურად ხედავენ და რაც უნდათ, იმას წერენ“.
ბავშვობაში პატარა რეჯეპი ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. 1960-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა ოჯახი საცხოვრებლად ისევ სტამბოლში დაბრუნდა, 14 წლისა რეჯეპი სკოლის საფეხბურთო გუნდის კაპიტანი გახდა, თანაკლასელები მას „იმამ ბეკენბაუერს“ ეძახდნენ (იმ დროს გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი ძალიან პოპულარული იყო). საინტერესოა, რომ რეჯები თანაგუნდელებს, ურწმუნოებსაც კი, ყოველი მატჩის წინ ეუბნებოდა, ილოცეთ გამარჯვებისთვისო. როგორც ამბობენ, შვილი მამას ფეხბურთით გატაცებას უმალავდა. ამის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ 16 წლის ასაკში რეჯეპი 1000 ლირად უყიდია ერთ-ერთ სამოყვარულო ფეხბურთის კლუბს – „ჯამიალთისპორს“, რომლის შემდეგ იგი უკვე სტამბოლის „ფენერბახჩეს“ ყურადღების არეალში მოექცა. მაგრამ… მამიკომ შვილის ეშმაკობები გაიგო და მის საფეხბურთო კარიერას წერტილი დაესვა. თუმცა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შემდგომში, უკვე პოლიტიკური საქმიანობის დროს, არაერთხელ გამოუყენებია თავისი საფეხბურთო ტალანტი: მაგალითად, იმავე 2014 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სტადიონზე ესტრადის ვარსკვლავების საჩვენებელი მატჩის დროს, მინდორზე გადავიდა და პირველივე ტაიმში სამი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს რეჯეპ ერდოღანი ფეხბურთით ისევ დაინტერესდა – პრეზიდენტს მოახსენეს, რომ თურქეთის საუკეთესო თავდამსხმელმა ჰაკან შუქიურმა შენზე გადაბრუნებული სიტყვა თქვაო… ჰოდა, ახლა ფეხბურთელს ოთხი წლით საპყრობილე ელოდება…
1994 წელს რეჯეპ ერდორანი სტამბოლის მერად აირჩიეს. უკვე იმ პერიოდში მან თავისი ისლამისტობა ნათლად გამოავლინა: ქალის თეთრეულის რეკლამის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ არ მოსწონს ახალი წლის ევროპულად აღნიშვნა. მას არაერთხელ გაუკრიტიკებია კლასიკური ბალეტი და აცხადებდა, რომ ეს „უაზრო ხელოვნებაა“. გარდა ამისა, უნდოდა, რომ წმინდა სოფიას ტაძარი, სადაც ახლა მუზეუმია, მოქმედ მეჩეთად გადაექცია.
1997 წლის დეკემბერში ისლამური პარტია „რეფაჰის“ მხარდამჭერებთან შეხვედრისას რეჯეპ ერდოღანმა თურქი ნაციონალისტი პოეტსის ზია გოკალპის ლექსი წაიკითხა: „მეჩეთი ჩვენი ყაზარმაა, // მინარეთი კი ხიშტი, // გუმბათი ჩვენი მუზარადია, // მორწმუნე – ჯარისკაცი“. იმ ხანებში იგი რელიგიებს შორის შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულეს და 4 თვით ციხეშიც ჩააჯინეს, ხოლო პარტია „რეფაჰი“ ანტიკონსტიტუციურად და საერო პრინციპების შემბღალავ ორგანიზაციად იქნა აღიარებული. 15 წლის შემდეგ, უკვე თურქეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, რეჯეპ ერდოღანმა კვლავ წაიკითხა იგივე ლექსი პალამენტში, სადაც მან მკაცრად გააკრიტიკა გენერლები ქვეყნის საერო პრინციპების დაცვის გამო.
(სტატიაში განხილულია აგრეთვე რეჯეპ ერდოღანის ოჯახური ბიზნესის საკითხები, ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია ნავთობის ბიზნესზე, რომელსაც რეჯეპის ვაჟი ბილალი ხელმძღვანელობს. არსებობს ეჭვი, რომ ერდოღანების ოჯახი ტერორისტულ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ უკანონო ბიზნესს ეწევა…).
http://www.newspress.ge/