საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომავალ კვირას რიო დე ჟანეიროში გაემგზავრება, სადაც ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტი რიო დე ჟანეიროში პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად გაემგზავრება და მისი ვიზიტი, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრებასთან ერთად, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებსაც ითვალისწინებს.
„ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ამ რეგიონში. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს აქვთ უაღრესად დიდი მნიშვნელობა იმ საკითხში, რასაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის არაღიარების მიმართულება ჰქვია. საქართველოს პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები. ოლიმპიური თამაშები არის უნიკალური ფორმატი, სადაც ბევრი სახელმწიფოს მეთაური იყრის თავს, მათ შორის, იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც არ გვაქვს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების ინტენსიური გაცვლა. აქედან გამომდინარე, ეს იქნება უაღრესად დატვირთული ვიზიტი, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ცერემონიულ ნაწილს – ოლიმპიური თამაშების გახსნას, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც არაღიარების პოლიტიკაში მეტი მხარდაჭერის მოპოვება გვსურს“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
გიორგი მარგველაშვილი მაკა ჩიჩუასთან ერთად, რიო დე ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება
2016/07/29 00:08:15
ნანახია: 2189 ჯერ