საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება, ვინაიდან ქუთაისი (ჭომა) – ალპანა – მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, არსებული მეწყრული უბნების აღდგენისა და დამცავი სამუშაოები უნდა ჩატარეს.
“სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ონის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი) – უზუნთა – შქმერი – ზუდალის, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა – ონის საავტომობილო გზების გავლით და პირიქით.
ამასთან, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე აიკრძალება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, რომელთა მაქსიმალური დასაშვები მასა 8 ტონას აღემატება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 მაისს, ქალაქ ონის შესასვლელთან მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ვითარების შეფასებასა და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავებაში ჩართული იყვნენ გეოლოგები, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი სპეციალისტები.
მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, პარალელურად მოეწყო დროებითი ალტერნატიული გზა, რომელზეც უკვე დაგებულია ასფალტის საფარი. ეს საშუალებას მისცემს მოსახლეობასა და სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ძირითად გზაზე მიმდინარე სამუშაოების პერიოდში შეუფერხებლად ისარგებლონ შემოვლითი მარშრუტით.
ქალაქ ონის შესასვლელთან მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისა და გზის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება, რათა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვით, მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგეს.” – წერს დეპარტამენტი.
