„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, გია ვოლსკის, ეკა ბესელიას განცხადებების გამო, გული სწყდება. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუტიოს, რათა პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე პოზიციები გაიმყაროს. მისივე განმარტებით, ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ სტანდარტებში ჩაჯდა.
„ძალიან მწყდება გული, რომ საკმაოდ გამოცდილმა იურისტმა, პოლიტიკური ისტორიით მებრძოლმა ადამიანმა ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილზე შეტევა თავის ნარატივად გაიხადოს, პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე პოზიციები გაიმაგროს და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ სტრატეგიაში ჩაჯდა. ირაკლი კობახიძის გვარს ახსენებს და თვითონაც კარგად იცის, რომ ეს არის მოგონილი, სიცრუე, მაგრამ რეალურად, ისრები მიმართულია ბიძინა ივანიშვილისკენ. მთავარია, გეგმა, ეს რატომ სჭირდება. პოლიტიკურ ველზე საკმაოდ რთულია საკუთარი ნიშის დამკვიდრდება და ეს აქვს აღებული მთავარ პოლიტიკურ მიმართულებად. ჩემთვის სერიოზული მორალური პრობლემაა იმის ყურება, რაც ჩემს თვალწინ ვითარდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.