ზღვისპირა ქალაქში ბათუმობას ზეიმობენ. გასართობი ღონისძიებები უკვე დაიწყო, მთავარი ლოკაცია წელს ბულვარია, სადაც მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოწყობილია საბავშვო წიგნებისა და დამეგობრებული ქალაქების კუთხე.
იგეგმება ფრანების შოუ, თითების თეატრი, ფილმების ჩვენება და ფოტო გამოფენა. 19:00 საათზე დაიწყება მიუზიკლი Welcome To Georgia. საღამო კი გალაკონცერტით დასრულდება, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლები მონაწილეობენ.
ქალაქის დღესთან დაკავშირებით ბათუმს 10 ქვეყნიდან 13 დამეგობრებული ქალაქის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობს.
ბათუმობა“ სექტემბერში იმართებოდა, თუმცა ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით ამიერიდან „ბათუმობა“ 28 აპრილს გაიმართება. თარიღი უკავშირდება ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას. ბათუმს ქალაქის სტატუსი 1888 წლის 28 აპრილს მიენიჭა.